მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის მიმდებარედ საინფორმაციო სივრცე გაიხსნა

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის მხადაჭერისა და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ენგურის ე.წ საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნა საინფორმაციო სივრცე, სადაც სპეციალური „თაჩპადი“ - ციფრული საინფორმაციო დაფა დამონტაჟდა.

„თაჩპადში“ ინტეგრირებულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შექმნილი ერთიანი საინფორმაციო პორტალი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სრულყოფილი და დეტალური ინფორმაცია შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში მათთვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ. ინოვაციურ სისტემაში ასევე ხელმისწავდომია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამები. „თაჩპადის“ გამოყენებისას სრულად არის დაცული მოქალაქეთა პირადი მონაცემები, რადგან სისტემა არ საჭიროებს პერსონალური ინფორმაციის შეყვანას.

„თაჩპადის“ გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად დაესწრო. გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების საქმეში, ასევე ხელს უწყობს მათ ინფორმირებულობასა და სახელმწიფო სერვისებზე წვდომის გაზრდას.

ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ჭეჟია და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.