მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი  საბჭოს წევრებმა 1992-1993 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყების 21 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ასევე გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე.

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა გვირგვინით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანე" და დაათველიერეს უგზოუკვლოდ დაკარგულ და დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის მუზეუმი „მოლოდინი". მათ ასევე პატივი მიაგეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალულ აფხაზეთიდან დევნილ საზოგადო მოღვაწეთა და დაღუპულ მეომართა ხსოვნას და გვირგვინებით შეამკეს მათი საფლავები.

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ, საქართველოს შინაგანი ჯარებისა და სამხედროების შეზღუდული კონტიგენტი აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილდა. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. ასე დაიწყო ძმათა მკვლელი ომი აფხაზეთში, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, რასაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, ხოლო სამასი ათასამდე ადამიანი დევნილი გახდა.