მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას დაესწრო

30 აგვისტოს, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდა.

თბილისში, გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებებლი ვახტანგ ყოლბაია.

ამავე ცენტრში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა საინფორმაციო ვებ-გვერდ „ხსოვნის" პრეზენტაცია მოეწყო და დამსწრე საზოგადოება დაკარგულ მებრძოლთა მოძიების პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.

მოგვიანებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა და მთავრობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო. ძმათა სასაფლაოზე აფხაზეთის ხალხური სიმღერის ჯგუფის „დიოსკურიას“ მიერ საგალობლები ქართულ და აფხაზურ ენებზე შესრულდა.

ღონისძიება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების ფონდის „მოლოდინი“, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.