მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ზესტაფონში აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

რევაზ ლაღიძის სახელობის ზესტაფონის პირველ მუსიკალურ სკოლაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია ასი ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციისა და ზესტაფონის გამგეობის ორგანიზებით, აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო „აფხაზეთი ტკივილი ჩვენი" გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ზესტაფონის კულტურის ცენტის ანსამბლი, სამუსიკო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, ზესტაფონში მცხოვრები დევნილი ბავშვები, ადგილობრივი შემოქმედები, მოიგონეს ზესტაფონის მკვიდრი მეომრები, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ აფხაზეთის ომში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი აჭარა-იმერეთში ზაზა ჩაჩავა, აფხაზეთის უმღლესი საბჭოს დეპუტატები რაისა ქარაია და თემურ მჟავია, ზესტაფონის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი თამარ გველესიანი, ომში დაღუპულთა ოჯახები და აფხაზეთიდან დევნილები.

ვახტანგ ყოლბაიამ საღამოს ორგანიზებისათვის ზესტაფონელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ქალაქი დევნილთა მიმართ განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩევა. ყოლბაიას თქმით, 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, თუმცა იქვე დასძინა, რომ ქართველთა და აფხაზთა ერთად ცხოვრება გარდაუვალია და ეს უახლოეს მომავალში აუცილებლად მოხდება.

„არსებობს გამოთქმა, რომ თითქოს, დრო ტკივილებს კურნავს. 22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ დროებით დავკარგეთ სოხუმი, აფხაზეთი, მაგრამ ტკივილი არ ნელდება, პირიქით, უფრო მძაფრდება და ეს ძალიან კარგად გვიჩვენა დღევანდელმა საღამომაც, რომლის ინიციატორებიც ქალბატონი ციალა ნებიერიძე, ნუცა არდაშელია და მათი მეგობრები არიან. ეს ღონისძიება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს გულებს არაფერი ავიწყდება, ჩვენ ვალდებულები ვართ მომავალი თაობის წინაშე, რომ ეს კონფლიქტი მშვიდობიანად მოვაგვაროთ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ყოველდღიურად ცდილობს ეს ტკივილიანი დღეები, თუნდაც წლები, დავიწყებას არ მიეცეს. დღეს ჩვენ მოვისმინეთ შესანშნავი ლექსები, მაღალ დონეზე შესრულებული მუსიკალური ნომრები, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ აფხაზეთი, გავიხსენეთ ზესტაფონში. საოცარი სითბო გამოამჟღავნა ამ რაიონმა, რაც ყოველთვის ისედაც ასე იყო დევნილთა მიმართ. დღეს სოხუმის დაცემის წინა დღეა, ასევე, ჯვართამაღლება; ყოველ დაცემას აუცილებლად მოჰყვება ამაღლება. არ არსებობს სხვა გზა გარდა ჩვენი, ქართველებისა და აფხაზების შერიგებისა, ეს აუცილებლად მოხდება. მინდა ხვალინდელ ტკივილიან დღეს იმედით შევხედო ყოველ დევნილთან ერთად", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.