მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრს აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზაურ ხუბუტიას სახელი მიენიჭა

გლდანის რაიონში, ილორის ქუჩა №14 -ში მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა საოჯახო მედიცინის ცენტრ „დიოსკურიას“, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზაურ ხუბუტიას სახელი მიენიჭა და მემორიალური დაფა გაიხსნა.

ზაურ ხუბუტია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზებული ბრიგადის, მესამე ბატალიონის სამედიცინო სამსახურის უფროსი კაპიტანი იყო. მან თავისი პროფესიონალიზმითა და თავდადებით უამრავი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა. ზაურ ხუბუტია სიკვდილის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლის მონაწილეთა III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოვდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ზაურ ხუბუტიას მეუღლე და შვილები, ნათესავები, მეგობრები, კოლეგები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ.