მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაია წიგნის „გზავნილები მომავლიდან“ პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სტუდენტური პროექტის „გზავნილები მომავლიდან" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თემას ეხება და რეალურ დოკუმენტურ მასალაზეა აგებული, ცხრა სტუდენტის პროზაულ ნამუშევარს აერთიანებს.

ორენოვან, ქართულ-რუსულ წიგნში ახალგაზრდების მთავარი გზავნილი სამშვიდობოა და სახალხო დიპლომატიის, კულტურული დიალოგის ფორმატს ეხმაურება. ავტორთა უმრავლესობამ წიგნში შესული ნაწარმოებები აფხაზეთში მიღებული შთაბეჭდილებების შედეგად შექმნა. პროექტში გამოყენებულია დავით აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტის სტუდენტის თათია ზუხბაიას მიერ აფხაზეთში გადაღებული ფოტომასალა.

წიგნის „გზავნილები მომავლიდან" პრეზენტაციას დაესწრნენ: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორი იამზე გვათუა, პროექტის ავტორი, წიგნის რედაქტორი სალომე კაპანაძე, წიგნის ავტორები და სხვა მოწვეული სტუმრები.

„გზავნილები მომავლიდან" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა.