მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთთან ე.წ. საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ვახტანგ ყოლბაია განცხადებას ავრცელებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია განცხადებას ავრცელებს.

„ის შეზღუდვა, რომელიც სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის სასაზღვრო პუნქტზე თითქოს „უცხოეთის მოქალაქეთათვის" დააწესა, სრულიად უკანონოა. ეგრეთწოდებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმასაც აღნიშნავს, რომ ეს დროებითი შეზღუდვაა და აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს არ შეეხება.

გამოდის, რომ გალის მოსახლეობას შეეხება. ვინაიდან მათი მიერ შემოღებული პასპორტიზაციის თანახმად, გალელები „უცხოეთის მოქალაქეებად" უნდა მივიჩნიოთ. „უცხოეთის მოქალაქეებს" კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხოლოდ „ფსოუს" გავლით შეუძლიათ მოხვედრა. „ფსოუს" გავლით გადასვლა კი გალელებისთვის თავდაყირა სიარულის ტოლფასია. ხაჯიმბას ხელისუფლების მხრიდან გალელების მიმართ ასეთი უკანონო ქმედება არახალია. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ნაბიჯი გალელების „მოთვინიერებისკენ" იყოს მიმართული.

მაგრამ, მეორე მხრივ, ხაჯიმბამ კარგად იცის, რომ გალელები ანგარიშგასაწევი ძალაა, მათი შრომისუნარიაონება კი საქვეყნოდ ცნობილია. ასეთი მოქმედება პოლიტიკურადაც გაუმართლებელია, არაჰუმანურია, პრაგმატული თვალსაზრისითაც არამომგებინია. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, აფხაზეთი ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების დაინტერესებას, ინვესტიციების მოზიდვას სხვდასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის. როცა ამ ფორმით ადამიანის უფლებების სრულ უგულებელყოფასთან და მათი უფლებების ფეხქვეშ გათელვასთან გვაქვს საქმე, არავინ დათანხმდება იქ ინვესტიციის ჩადებას. ამიტომაც არა მგონია, ეს სცენარი დიდხანს შენარჩუნდეს, რასაც თავად „ტექნიკურ მიზეზებს" და „დროებით შეზღუდვას" უწოდებენ". - ნათქვამია ვახტანგ ყოლბაიას განცხადებაში.