მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 23 წელი შესრულდა

14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 23 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

დღესვე აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალული მეომრების საფლავები და საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფლავი.

მოგვიანებით, ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილისა და 23-ე ბრიგადის ხელმძღვანელის, გენერალ გენო ადამიას საფლავები ყვავილებით შეამკეს.

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა და 300 000 მეტი ადამიანი დევნილად იქცა.