დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია სამეგრელოში, სოფელ რუხში ასოციაცია „აგორას“ პროექტს გაეცნენ.
აღნიშნული ასოციაცია საერთაშორისო დონორებთან აქტიურად თანამშრომლობს და ორიენტირებულია დევნილთა დასაქმებაზე. ზემოთხსენებული პროექტი ასოციაცია „აგორამ“ აფხაზეთის მთავრობის შუამდგომლობით, იაპონიის საელჩოს პროგრამა „გრასრუტში“ გრანტის მოპოვების შემდეგ წამოიწყო. ორგანიზაციამ სოფელ ხურჩაში, 3 000 კვ. მ მიწის ნაკვეთზე სასათბურე კონსტრუქციის მშენებლობა დაიწყო და პროექტის ფარგლებში, სეზონზე 70-მდე დევნილი დასაქმდება. აქედან, მუდმივად სამუშაოს 15-მდე დევნილი მიიღებს. ადგილზე მიმდინარეობს მიწის დამუშავების პროცესი, ასევე ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდებითი სამუშაოები. მოსავლიდან შემოსული თანხები მომუშავე დევნილებზე გადანაწილდება.
აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარის, ვალერი ბასარიას თქმით, ადგილზე არსებობს სხვა მიწის ნაკვეთებიც, რომლებიც სახელმწიფოს ბალანსზეა და მათი ათვისება მომავალში იგივე პრინციპით მოხდება.
„აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი, მთლიანად აფხაზეთის მთავრობა, არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო ურთიერთობით აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნეს-პროექტებს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ საზღვრისპირა ზოლში მცხოვრებ დევნილთა დასაქმების პროექტებს. ერთ-ერთი ამჟამად მიმდინარე პროექტი, რომელიც ხორციელდება იაპონიის საელჩოს „გრასრუტის“ პროგრამის ფარგლებში 3 000 კვ.მ ფართობის სათბურის აწყობას გულისხმობს. პროექტი 70-მდე დევნილის დასაქმებას ითვალისწინებს. ჩვენ მალე დავიწყეთ აქ მცხოვრებ დევნილებს შორის იმ ხალხის შერჩევას, რომლებიც წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობას და უნარს ამ სფეროში სამუშაოდ. ვინც შეირჩევა მათთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები. აქ არის მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაშია. სახელმწიფო სამსახურებმა ამ მიწის ნაკვეთების გადმოცემის მზადყოფნა გამოთქვეს, რათა შემდგომში ანალოგიური პროექტები განხორციელდეს. ეს ბრწყინვალე მაგალითია იმისა, როცა სახელმწიფოსა და არასამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობით ძალიან ბევრი შესაძლებლობები ჩნდება დევნილთა დასაქმების კუთხით; ხდება იმ მიწის დამუშავება, რომელიც გამოუყენებელია, იმ მატერიალური აქტივების გამოყენება, რომელიც არალიკვიდირებულია და ადგილზეა. კარგი შედეგები გვაჩვენა წინა პროექტებმა, რომლებიც ეხებოდა მცირე სასათბურე კონსტრუქციების მშენებლობას დასავლეთ საქართველოში. ვთვლი, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია დღევანდელ პირობებში“. – განაცხადა ვალერი ბასარიამ.
გარდა ამისა, ვახტანგ ყოლბაია და ვალერი ბასარია ასევე გაეცნენ სოფელ ტყირში, ეკონომიკის სამინისტროს მიერ აფხაზეთის მთავრობისთვის განკარგვის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სიმინდის ნათესის სასუქით გამდიდრების პროცესს. სოფელში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების თქმით, პროექტი წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან წინა წლის უხვმა მოსავალმა მათ ბევრად მეტი სტიმული მისცა.
„გასულ წელს, აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით მოხდა ამ ტერიტორიის დამუშავება, რომელიც 20 წელი უქმად იყო, შეჩერებული იყო მისი ხვნა-თესვა. დევნილ მოსახლეობას მიწის დამუშავება საკუთარი სახსრებით ძალიან ძვირი უჯდებოდა. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ 2015 წელს, აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით, მოხდა ამ მიწის ათვისება, სადაც ამჟამად 15 ოჯახია დასაქმებული და ისინი მთელი წლის სიმინდის მარაგით არიან უზრუნველყოფილი. გასული წლის მაგალითმა დევნილ მოსახლეობას სტიმული მისცა ისევ დაემუშავებინა მიწა და მოეყვანა სიმინდის კულტურა. ახლა მეორედ შეგვაქვს აზოტი და იმედი გვაქვს, ეს პროგრამა კვლავ გაგრძელდება, რადგან მოსახლეობა კმაყოფილია და მიწების ათვისებაც უფრო დიდი მასშტაბებით გაგრძელდება“. – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი გოგა ნაყოფია.