მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს სხდომა გაიმართა

6 აგვისტოს, ფოთის ცენტრალური ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში, ფოთის განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვისდეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა დალტოლვითა სამინისტროს, ქალაქ ფოთის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ მუშაკთა, გაეროს , საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და სხვა საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სხდომაზე განიხილეს კავშირის თავმჯდომარის ანგარიში და სამომავლო გეგმები, ქ. ფოთში განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური საკითხების დარეგულირება, მათ შორის საცხოვრებელი ფართით დევნილთა უზრუნველყოფის პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ხელისუფლებისადმი მიმართვის ტექსტი და ორგანიზაციული საკითხები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სხდომის მონაწილე საზოგადოებას აფხაზეთის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის, აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროების, აფხაზეთის მთავრობის სხვა და სხვა სტრუქტურების მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტები გააცნო. ყოლბაიამ მზადყოფნა გამოთქვა, დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად, საბჭოს  უშუამდგომლოს სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებთან.

„ფოთში უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს დევნილთა საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც დევნილთა პრობლემებს განაზოგადებს და საკუთარ ხედვას წარმოგვიდგენს. მნიშვნელოვანია მათი დასკვნები სოციალურ პრობლემათა მოწესრიგების კუთხით, ასევე დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის მხრივაც. ჩვენ მზად ვართ ვუშუამდგომლოთ საზოგადოებრივ საბჭოს სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებთან დევნილთა პრობლემების დროულად გადაწყვეტის მიზნით. დღევანდელმა დღემ ბევრი რამ დაგვანახა. უწინარესად ის, რომ საზოგადოებრივი საბჭოს მუშაობა ძალიან პროდუქტიული და არსებითია. მათ მიერ მოწოდებული მასალები საყურადღებო ინფორმაციას ეყრდნობა.

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც თანამშრომლობენ საზოგადოებრივ საბჭოსათან და ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს და იდეას უყრიან საფუძველს. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი მცირე ბიზნესის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ და  ერთობლივად ვიმუშავებთ ამ პროექტებზე. თუ ბინის თემას დავუბრუნდებით ფოთელთა პრეტენზიები ძირითადად ბინების განაწილების  კრიტერიუმებს უკავშირდება. ამ საკითხებში ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომელთა გამოსწორებაც შეიძლება. საზოგადოებრივ საბჭოს დავპირდით, რომ  ამ თემებზე ხელისუფლებასთან მუშაობას გავაგრძელებთ.“ – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

კონფერენციის მონაწილე რამდენიმე დევნილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადაეცათ.