მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვაშლიჯვრის დასახლებაში დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის ქუჩა და მემორიალური კომპოზიცია გაიხსნა

ვაშლიჯვრის დასახლებაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების წევრის, აფხაზეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარის, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის ქუჩას და მემორიალური კომპოზიცია გაიხსნა. წელს დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის 135 წლის იუბილე აღინიშნება.  

კომპოზიცია ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ გახსნეს.

ვახტანგ ყოლბაიამ არზაყან ემუხვარის მოღვაწეობასა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში მის დიდ ღვაწლზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, ქალაქ თბილისის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს დავით ნარმანიამ და გიორგი ალიბეგაშვილმა. 

,,დიდ მადლობას ვუხდი ყველას ვინც მონაწილება მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში, რადგან არზაყან ემუხვარს ძალიან დიდი წვრილი მიუძღვის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განმტკიცებაში. მე ვამყობ, რომ მისი შთამომავალი ვარ“,- განაცხადა არზაყან ემუხვარის შთამომავალმა ნატო მარშანიამ. 

ღონისძიებას აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, არზაყან ემუხვარის შთამომავლები და დევნილი საზოგადოება დაესწრო. შესრულდა ქართულ-აფხაზური სიმღერები.  

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის ქუჩის და მემორიალური კომპოზიციის გახსნის ინიციატივა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ეკუთვნის და  საქართველოს მთავრობის, ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს  ხელშეწყობით განხორციელდა. 

კომპოზიციის ავტორია  აფხაზეთიდანდ დევნილი, სოხუმელი მოქანდაკე და მხატვარი ზურაბ კოკაია.