მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გენო კალანდიას დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის გენო კალანდიას დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

საღამოს ესწრებდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. გენო კალანდიას მეგობრები, ოჯახის წევრები და საზოგადო მოღვაწეები. გენო კალანდიას ლექსების პირველი კრებული "ცა და ფოთლები" გამოვიდა 1966 წელს, სოხუმში, ხოლო პირველი პიესები "მთვარის საათი" "ადგილის დედა" და "ძე შეცდომილი" დაიდგა სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მერე უკვე საქართველოს სხვა თეატრებში.

გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა: "ფესვები", "მიწის ჭრილობა", მწუხრის არაბესკები", "მესამე თვალი", "ასი სონეტი", "რეკვიემი", "ისევ რეკვიემი", "ერთტომეული". მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებად გამოცემულია რამდენიმე ენაზე.

იგი სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის თეატრალური საზოგადოებისა და დემოგრაფიული საზოგადოების პირველი თავმჯდომარე, მწერალთა კავშირის მდივანი, ალმანახ "ეგრისის" რედაქტორი, ჟურნალ "რიწის" პასუხისმგებელი მდივანი. მისი ძალისხმევით შეიქმნა ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი, რომელსაც წლების განმავლობაში თავად ხელმძღვანელობდა. ამჟამად არის აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. გენო კალანდია იყო საქართველოს პარლამენტის მე-2, მე-3, მე-4 მოწვევის დეპუტატი, უგზო-უკვლო დაკარგულთა მოძიების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე. არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

გენო კალანდიას საუბილეო საღამოში მონაწილეობა მიიღეს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლ "რუსთავმა," აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "აფხაზეთმა," აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ, ჯგუფ "ფორტემ," ბორის ბედიამ. მისი ლექსები წაიკითხეს მსახიობებმა: მარინა კახიანმა, მურმან ჯინორიამ, მერაბ ყოლბაიამ, გიორგი გასვიანმა, ნინო შავგულიძემ, დათო ბერაძემ. საიუბილეო საღამოზე პოეტის ლექსების ორტომეულის პრეზენტაცია გაიმართა.