მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლ „მილიონრები"-ს პრემიერა გამართა

„ახმეტელის თეატრში", 4-5 ივნისს, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლ „მილიონრები"-ს პრემიერა გამართა, რომლის ავტორი და რეჟისორიც დათო საყვარელიძეა. ერთმოქმედებიანი სპექტაკლი ედუარდო დე ფილიპოს პიესების მიხედვით დაიდგა, რომლის ქორეოგრაფიაც ეკა არჩაიას ეკუთვნის. რეჟისორის თანაშემწე კი ლეილა მურღულიაა.

სპექტაკლს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი.

დავით საყვარელიძეს თქმით, სპექტაკლის ფორმის იდეა აგებულია სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობების გასაოცარ ისტორიებზე, ზოგჯერ ძალიან ტრაგიკულზე და ზოგჯერ ძალიან სასაცილოზე.

რეჟისორმა სპექტაკლში გამოიყენა ტექსტები ცნობილი იტალიელი დრამატურგის ედუარდო დე ფილიპოს რამდენიმე პიესიდან.

ომი ყველგან ომია, იტალიშიც და საქართველოშიც. ალბათ, ამიტომაცაა, რომ სპექტაკლში გათამაშებული დრამატული და კომიკური სიტუაციეები, მოქმედ პირთა ხასიათები და ურთიერთობები ასეთი ნაცნობი და ახლობელია თანამედროვე ქართველი მაყურებლისთვის" - განაცხადა დათო საყვარელიძემ.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ სოხუმის თეატრის დასის მსახიობები: ბადრი ბეგალიშვილი, მარინა სოლომონია, პაატა ვახტანგიშვილი, ვერიკო კალანდია, ნიკა წერედიანი, დათო ბერაძე, ბესო ქარჩავა, ჯულიეტა პაკელიანი, ლონდა კაცია, ლიანა მიქაშავიძე, ნინო შავგულიძე, სანათა ძაძამია, ნუგზარ წერედიანი, იუკა ვასაძე, ედემ ხვიჩია, ლელა შარაბიძე და იზოლდა ბოკუჩავა.