მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ვირტუალური არქივის, www.ava.ge-ს პრეზენტაციას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ვირტუალური არქივის,  www.ava.ge-ს პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

პროექტი, რომელიც  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ არის დაფინანსებული და აფხაზეთით დაინტერესებული პირებისათვის ვირტუალური სივრცის შექმნას ისახავს მიზანად, ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი  იქნება.

ვებ-გვერდზე დაცულია აფხაზეთის შესახებ საარქივო ინფორმაცია: ფოტო, ვიდეო, წიგნი, გაზეთი, ხელნაწერი, რუკა; ასევე საოჯახო არქივები. ეროვნული არქივების და მუზეუმების მასალების გარდა, ava.ge პირად არქივებსაც აგროვებს; ყველა დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია საიტის ადმინისტრაციას მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც შემდეგ სხვა მომხმარებლებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა და ყურადღება გაამახვილა პროექტის მნიშვნელობაზე:

„აფხაზეთის ვებ-გვერდი კიდევ ერთი ნათელი გზავნილია აფხაზებისადმი და მთლიანად,  საქართველოს მოსახლეობისადმი, თუ როგორ ხედავს ქართული სახელმწიფო ჩვენი მშვენიერი ქვეყნის წარსულსა და მომავალს. ჩვენი სიმდიდრე და სიძლიერე მდგომარეობს სწორედ იმ მრავალფეროვნებაში, მთლიანობასა და ამ მთლიანობის ჰარმონიულ განვითარებაში, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ და რომელსაც საქართველოს მოქალაქეები არა მხოლოდ ვაფასებთ, არამედ ვუფრთხილდებით კიდეც“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.