დღეს, საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „შეიარაღებული კონფლიქტები და გარემო“ გაიმართა.
კონფერენცია ორგანიზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ მიერ, საერთაშორისო ქსელ „დედამიწის მეგობრები-ევროპასა“ და „ევროპელი ქალები უკეთესი მომავლისათვის“ - თანამშრომლობით. კონფერენციის მიზანი იყო შეიარაღებული კონფლიქტებისა და პოსტკონფლიქტურ პირობებში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების საკითხების, პრობლემების მოგვარების პროცესში ექსპერტებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის განხილვა.
კონფერენცია გახსნეს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს თანათავმჯდომარე რუსუდან სიმონიძემ, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა. კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა.
კონფერენცია დაყოფილი იყო სამ ნაწილად.
პირველი ნაწილის თემა იყო გარემოს მდგომარეობა შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება. გამომსვლელებმა ისაუბრეს პოსტკონფლიქტურ მდგომარეობაზე ბალკანეთსა და კავკასიაში, კერძოდ აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და ჩეჩნეთის მაგალითებზე. მომხსენებელთა შორის იყვნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, მწვანეთა პარტიის ლიდერი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გია გაჩეჩილაძე, საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი და სხვები.
კონფერენციის მეორე ნაწილი კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ზონებში ბუნებრივი რესურსების მართვასა და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო. მომხსენებლებმა ისაუბრეს კონფლიქტურ რეგიონებში განხორციელებულ არაკანონიერ ქმედებებსა და მათ მიერ გამოწვეულ სავალალო შედეგებზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარიამ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო აფხაზეთში არსებული მდგომარეობა და ის უარყოფითი მოვლენები რაც იქ გარემოს დაცვის კუთხით არსებობს.
ბოლო ნაწილში ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო საზოგადოების როლზე კონფლიქტების პრევენციასა და მათ გადაწყვეტაში.
კონფერენციის ბოლოს საქართველოს არასამთავრობო სექტორმა ერთობლივი რეზოლუცია მიიღეს.