მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
გაიმართა კონფერენცია თემაზე: „აფხაზეთის სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მასზე ანთროპოლოგიური ზემოქმედების შედეგები“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში სსიპ აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს მიერ გაიმართა კონფერენცია თემაზე: „აფხაზეთის სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მასზე ანთროპოლოგიური ზემოქმედების შედეგები“.

კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდინარეული ნატანი მასალის შემცირებასა და მისგან გამოწვეულ გეოეკოლოგიურ მდგომარეობას.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს  გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტექის“ ხელმძღვანელი თემურ ვეკუა, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები.

ამავე ღონისძიების ფარგლებში, მახათას მთაზე მშენებარე სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს გამწვანების აქცია მოეწყო.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთში ეკოლოგიური მდგომარეობა საგანგაშოა და რეგიონი კატასტროფის წინაშე დგას. მისი თქმით, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ყველა საშუალებას მიმართავს, რათა პროცესში ჩართოს საერთაშორისო ორგანიზაციები და აფხაზეთს ეკოლოგიური კატასტროფა ააცილოს.

„აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტო დღეს ძალიან საგულისხმო კონფერენციას ატარებს, რომელიც ძირითადად აფხაზეთის სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიურ მდგომარეობას ეხება. კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდინარეული ნატანი მასალის შემცირებასა და მისგან გამოწვეულ გეოეკოლოგიურ მდგომარეობას.

კონფერენციაზე გამოიკვეთა ძალზე საგანგაშო ეკოლოგიური ვითარება, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიქმნა. საფრთხე ემუქრება კოდორის და ბზიფის ხეობას, იქ არსებულ ნაკრძალებს. შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან ნატანი მასალების სოჭის ოლიმპიადის ტერიტორიების სამშენებლო მასალად გამოყენებამ, შავი ზღვისპირა ზოლში კატასტროფული ვითარება შექმნა. მოსალოდნელია, რომ რუსეთი ყირიმის გზების ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვისაც იგივეს მოიმოქმედებს. ასეთ მავნებლობას და მისგან გამოწვეულ შედეგებს ზღვარი უნდა დაედოს. საქმე გვაქვს რუსეთის მიერ აფხაზეთის ტერიტორიების ეკოლოგიურ განადგურებასთან. დღეს პირველი ზარი შემოჰკრა ჩვენმა აფხაზეთის სტრუქრურამ. ორშაბათს ჩატარდება საერთშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება კონფლიქტების გავლენას ეკოლოგიურ გარემოზე, სადაც ეს თემა ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. ვფიქრობ, ამ საკითხს გულისყურით მოეკიდებიან საერთაშორისო, არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციები. ჩვენი მიზანია, მთელ მსოფლიოს ვაუწყოთ, რომ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს, მსოფლიოს უმშვენიერეს ბუნებრივ საგანძურს, ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ბარბაროსული ეკოლოგიური განადგურების საფრთხე უწინარესად აფხაზებმა და ქართველებმა ერთად ავიცილოთ თავიდან. ჩასატარებელი სამუშაოების მასშტაბი გრანდიოზულია, ამიტომ, რა თქმა უნდა, ქართველებმა, აფხაზებმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, შესაბამისმა ეკოლოგიურმა ინსტიტუტებმა და უწყებებმა ერთობლივი მოქმედებით უნდა შევძლოთ ამ საფრთხისგან თავის დაღწევა“. - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.