მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაიას გამოსვლა კონფერენციაზე - „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები. აფხაზეთი - სამხრეთ ოსეთი’’

დღეს აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია და დევნილობაში მყოფ ჩვენს შემოქმედებით კოლექტივებს, ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე დევნილ ინტელიგენციას, სამწუხაროდ, არ აქვთ საშუალება სრულად გამოავლინონ საკუთარი შემოქმედებითი შესაძლობლობები, მაგრამ, მიუხედავად სირთულეებისა, აფხაზეთის ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა იმისათვის, რათა საქართველოს კულტურის ერთიანი სივრციდან არ გამქრალიყო აფხაზეთი - თავისი უნიკალური, საუკუნეებში ფესვებგადგმული კულტურული ფასეულობებით. ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა ორი სახელმწიფო თეატრი: კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღა". გვყავს შესანიშნავი მხატვრები, რომელთა რიცხვს შეემატა მანონ ბულისკერია - აფხაზეთის ცნობილი პოეტი, რომლის ნამუშევართა პრეზენტაცია ამ დღეებში მოეწყო და სპეციალისტთა საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა; აღდგენილ იქნა სახელმწიფო კაპელა, რომელიც რამდენიმე დღის წინ წარმატებით წარსდგა თბილისის მე-5 საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე;  ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, ფოლკლორული გუნდი... შემოქმედებითი კოლექტივების მხარდაჭერა იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ მათში ძალიან დიდია შემოქმედებითი განვითარების პოტენციალი, რისი არგამოყენების ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს. მათ შორისაა დ. არაყიშვილის სამუსიკო და გ. შერვაშიძის სამხატვრო სასწავლებლები, რომლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საჭიროებს სერიოზულ განახლებას.

მიუხედავად ბიუჯეტის სიმწირისა, 2013 წლიდან დღემდე კულტურის სფეროს დაფინანსება გაიზარდა 496 947 ლარით, ანუ 37,7%-ით. ამჟამად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში კულტურის განვითარებაზე გამოყოფილია 1 772 921 ლარი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 26,8%-ია. ასეთი ფინანსური მხარდაჭერის შედეგად შესაძლებელი გახდა აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების არა მარტო ხარისხობრივი ზრდა, არამედ მათი წარმოჩენა მაღალი დონის სხვადასხვაკონკურსებსა და ფესტივალებზე. ასე მაგალითად:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა და ახალგაზრდულმა კაპელამ საბერძნეთის ქალაქ ათენში კულტურის მესამე საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა;

2014 წლის 24 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე ჩეხეთში სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, რომელიც წარმატებული იყო აფხაზეთის სახელმწიფო კაპელასათვის. ჩატარდა ქართულ-აფხაზური საღამო-„გიყვარდეს და გადარჩები".

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ვალერი არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზი გაიხსნა;

ჰოლანდიაში, ქ. ლეიდენის პრესტიჟულ გალერეაში „ფრედერიკ ვან დერ ვლისტი" აფხაზეთიდან დევნილი 4 მხატვრის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო;

ესპანეთში გაიმართა აფხაზეთის მხატვართა გამოფენა-გაყიდვა და ფოლკლორული ანსამბლ „დიოსკურიას"კონცერტი.

გამოიცა აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების კატალოგი;

2014 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ქ. თბილისს და სრულიად საქართველოს შეემატა სკულპტურული მემორიალი „ერთიანი საქართველოსთვის", რომლის ავტორი გახლავთ სოხუმელი მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ კოკაია.

და ბოლოს, დაიხვეწა საგამომცემლო საქმანობა. ახალი ფორმატით გამოიცა ვიზუალურად შესანიშნავად გაფორმებული და შინარსობრივად მდიდარი ორი ჟურნალი ,,რიწა" და ,,იალქანი".

მივესალმები კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩვენს ჩართულობას და იმედს ვიტოვებ, რომ სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის ფარგლებში მოხდება აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანების ხელშეწყობა, კულტურული რესურსების შესწავლა და კვლევების ჩატარება, რომლებიც მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევების, კულტურის განვითარების სტრატეგიის დაგეგმვის თვალსაზრისით. მხედველობაში მაქვს შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და მხატვრების ჩართულობა ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ღონისძიებებში და მათი დაფინანსება.

ამ კონტექსტში შემიძლია გითხრათ, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ ქართულ-აფხაზური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. კერძოდ:

 ცოტა ხნის წინ ქალაქ ფლორენციაში დელ ბიანკოს ფონდის მემორანდუმის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების თანახმად, 2015 წლის ოქტომბერში პალაცო კოპინის საგამოფენო სივრცეში ჩატარდება ქართულ-აფხაზური კულტურული მემკვიდრეობის გამოფენა.

2015 წლის ოქტომბერში აფხაზეთის მთავრობა უხელმძღვანელებს დელ-ბიანკოს ფონდის მიერ მხარდაჭერილ პროექტს „კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული და ევროპული ღირებულებები", რომელშიც ჩართულნი არიან ქართველები, აფხაზები, აზარბაიჯანელები, სომხები, უკრაინელები და სხვა.

აფხაზეთის მთავრობაში მიმდინარეობს მზადება საერთაშორისო ფორუმისათვის  თემაზე „ინტერკულტურული დიალოგი. კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია მშვიდობიანი თანაარსებობისათვის", რომელშიც დაახლოებით 500 სხვადასხვა ქვეყნის პროფესორები და სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას და სხვა.

დამეთანხმებით, ეს არა მარტო ფინანსურად შეუწყობს ხელს დევნილ შემოქმედ ადამიანებს, არამედ, გააძლიერებს მათ ფსიქოლოგიურად და გაზრდის მათ პოტენციურ შემოქმედებით შესაძლებლობებსაც. ასევე, იმედს ვიტოვებ, რომ სამომავლოდ განხორციელდება საპილოტე სახელოვნებო პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უკვე არსებული კულტურული რესურსების რეალიზებას, კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას და დევნილი მოსახლეობის უზრუნველყოფას კულტურულ-სახელოვნებო აქტივობებით.

აქვე მინდა თქვენი ყურადღება გავამხვილო იმ პრობლემეზე და საჭირობებზე, რომელთა მოგვარება მნიშვნელოვანწილად შეუწყობდა ხელს აფხაზეთის კულტურის სფეროს განვითარებასა და პოპულარიზაციას.

ასე მაგალითად: მხარდაჭერას საჭიროებს აფხაზეთის სახელოვნებო განათლება, რაც ითვალისწინებს სკოლისგარეშე სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და მოსწავლეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას, მათ შორის, მუსიკალურ სკოლებში საორკესტრო მიმართულების განვითარების ხელშეწყობას. ასევე,  სკოლისგარეშე სახელოვნებო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების კონკურსებში, ტრენინგებში,  მასტერ-კლასებში და სხვა სახელოვნებო განათლების ხელშემწყობ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობას. სახელოვნებო ლიტერატურის ბეჭდვითი მასალების მომზადება-გამოცემასა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას.

ასევე, საჭიროდ მივიჩნევ განხორციელდეს:

აფხაზეთზე და აფხაზეთის თემატიკაზე ქ. თბილისის მუზეუმებსა და საცავებში დაცული საარქივო მასალებისა და საგანძურის ფოტოებისა და ასლების დამზადება და გადაცემა აფხაზური მხარისათვის;

სახელმწიფო მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციონერებთან არსებული აფხაზურ თემატიკაზე შექმნილი საერო თუ სასულიერო შინაარსის შემცველი წიგნების, სურათების, ფოტო ან სხვა სახის ლიტერატურული და დოკუმენტური მასალების მოძიება, აფხაზურ ენაზე მათი თარგმნა, ასლების დამზადება და აფხაზური მხარისათვის მათი გადაცემა;

აფხაზეთიდან დევნილი მწერლების, პოეტების, რეჟისორების შემოქმედების აფხაზურ ენაზე თარგმნა და აფხაზურ საზოგადოებაში გავრცელების ხელშეწყობა;

კულტურის ხელმისაწვდომობა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის და მათთვის უმაღლესი სახელოვნებო განათლების უზრუნველყოფა (თეატრალური უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია)  და სასწავლო და საცხოვრებელი პირობების შექმნა.

აფხაზეთიდან დევნილი  სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჯგუფების კულტურაში ჩართვა და თანაბარი წვდომა;

აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შესწავლის, დაცვისა და პოპულარიზაციის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის მოწვევა.

აქვე მინდა განვაახლო წინადადება, ქ. თბილისში ,,აფხაზური სახლის" დაფუძნების შესახებ.

ასევე, მინდა გავრცელო ინფორმაცია დაინტერესებულ პირთათვის, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროში ამოქმედდა ევროკავშირის ახალი პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა" ევროპული კინოს, კულტურისა და კრეატიული სექტორების მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს მათი როლის გაზრდას ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. 2014-2020 წლებზე გათვლილი 1,46 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, პროგრამა მხარს დაუჭერს ათასობით ხელოვანს, კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ გამომსახველობითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის წარმომადგენლებს. დაფინანსების მეშვეობით კულტურის სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ორგანიზაციებს შეეძლებათ, იმუშაონ ევროპის მასშტაბით, წარდგნენ ახალი მაყურებლის/მსმენელის წინაშე და განავითარონ ციფრულ ერაში საჭირო უნარები. ევროპული კულტურის ნიმუშებისათვის სხვა ქვეყნების მაყურებლის/მსმენელის წინაშე წარდგენის მხარდაჭერით პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებას.

და ბოლოს,  მოვუწოდებ აფხაზეთის (როგორც ენგურს გამოღმა, ასევე ენგურს გაღმა) კულტურის სფეროში მოღვაწე პირებს, კოლექტივებს, დაინტერესდნენ აღნიშნული პროექტით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მათ გვერდით იქნება და გაუწევს თანადგომას.

 

გმადლობთ ყურადღებისთვის.                          ვახტანგ ყოლბაია