მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარი აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს თვენახევრიან ანაზღაურებად სტაჟირებაში ჩაერთო

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ბენეფიციარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თვენახევრიან ანაზღაურებად სტაჟირებაში ჩაერთო.

ყოფილმა პატიმარმა, ქალბატონმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმისწარმოების,ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოში  სტაჟირება დღეიდან დაიწყო. ანაზღაურებადი სტაჟირება „ყოფილ მსჯავრდებულთა სტაჟირების ხელშეწყობის" პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ეგიდით ფინანსდება.

ბენეფიციარი დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამაში 2014 წლის ნოემბრიდან ჩაერთო. მან პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა სერვისით ისარგებლა, ასევე წარმატებით დაასრულა დასაქმების ხელშეწყობისთვის აუცილებელი ტრენინგები.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ეფექტურად განხორციელებისთვის აქტიურად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე კერძო და კომერციულ ორგანიზაციებთან.