მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი რეჟისორის, რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამო

ბატონმა რეზომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ კინემატოგრაფიაში და მის პოპულარიზაციაში. მან გასული საუკუნის კინემატოგრაფში მთელი ეპოქა შექმნა. იგი არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის ფილმის ავტორი და თანაავტორია.

რეზო ჩხეიძის მიერ გადაღებული ფილმები ერთმანეთისგან განსხვავებული, მხიარული თუ სევდიანი, თავდადებული და ერთგული პერსონაჟებით დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად შექმნილმა კინონარკვევებმა: "ჩვენი სასახლე", "ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი" და მხატვრულმა ფილმა "მაგდანას ლურჯა" იმთავითვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი ქართულ კინოხელოვნებაში. შემდეგ კი იყო კინოფილმები "ჩვენი ეზო", "მაია წყნეთელი", "ჯარისკაცის მამა", "ღიმილის ბიჭები", "განძი", "ზღვის ბილიკი" და სხვა. 1974 წლიდან რეზო ჩხეიძე რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი და კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი იყო.

მის შემოქმედებას ქართველი მაყურებელი სიცოცხლეშივე აფასებდა. რეზო ჩხეიძის ფილმის ერთ-ერთ პერსონაჟს - ჯარისკაცის მამას ძეგლიც ხომ ქართველმა ხალხმა დაუდგა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სამძიმარს უცხადებს ბატონი რეზოს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს.