მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ბათუმში VII საერთაშორისო კონფერენცია ,,ჩვენი სულიერების ბალავარი“ ჩატარდა

17-18 აპრილს ქ.ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა VII საერთაშორისო კონფერენცია ,,ჩვენი სულიერების ბალავარი". კონფერენციაში 60-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი იღებდა მონაწილეობას. მკვლევარები ორი დღის განმავლობაში წარმოადგენდნენ მოხსენებებს საქართველოში ქრისტიანული კულტურისა და ისტორიის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის არსანიშნავია აფხაზეთის თემატიკაზე მიძღვნილი საკითხები: აფხაზეთის ავტოკეფალიის საკითხი თანამედროვე საეკლესიო პოლიტიკაში, მუჰაჯირობის ისტორიის საკითხები, მოხსენება აფხაზი მამულიშვილის იური ანუას ქრისტიანული და ეროვნული ღვაწლის შესახებ და სხვა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ა/რ ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრის მოადგილემ მანანა ანუამ. თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა აფხაზეთის მთავრობის ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრის აპარატის საქართველოს უნივერსიტეტების სამეცნიერო წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას,პრაგმატულ,რეალურად ეფექტურ მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებული ახალი მიდგომების ერთობლივად შემუშავებას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, განათლებისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი.

კონფერენციის მოხსენებები კრებულის სახით უკვე დაიბეჭდა. საერთაშორისო ფორუმი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქრისტიანული კულტურის კვლევის ცენტრისა და ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.