ქართული დელეგაცია შვეიცარიაში გუშინ გვიან ღამით გაემგზავრა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ჟენევის მოლაპარაკებების მე-13 რაუნდში მიიღებს მონაწილეობას, სადაც საქართველო ორი ძირითადი საკითხით წარსდგება - ეს არის პოლიტიკური უსაფრთხოების ახალი კონცეფცია და დევნილების უპირობო დაბრუნება. ქართული მხარე მოლაპარაკებების დროს იმ 12 დაკავებული ქართველის გათავისუფლებასაც მოითხოვს, რომლებიც ამ დრომდე ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში იმყოფებიან.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია ქართველი დევნილების თემაზე, ქართული მხარის პოზიციებს ჟენევის მოლაპარაკებაზე კიდევ უფრო გაამყარებს.
,,ამ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია დამატებითი არგუმენტია იმისათვის, რომ ვიყოთ კონსტრუქციულები და მოლაპარაკების მორიგი რაუნდი უფრო ნაყოფიერი იყოს. რაც შეეხება ქართულ მხარეს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისათვის. სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვით რუსულ მხარეზე, რომელიც მუდმივად დესტრუქციულ პოლიტიკურ მანიპულუაციას აწარმოებს. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია - ბოლომდე დავიცვათ ის, რაც ჩვენთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია,"- განაცხადა შვეიცარიაში გამგზავრების წინ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.
ჟენევის მოლაპარაკებათა მეცამეტე რაუნდი 14 ოქტომბერს გაიმართება.