მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ფლორენციაში იმყოფებოდა

12-16 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დელეგაცია, ,,რომუალდო დელ ბიანკოს'' ფონდის მიწვევით ფლორენციაში იმყოფებოდა.  დელეგაციაში შედიოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანია, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლეილა ხუბაშვილი.

დელეგაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს „რომუალდო დელ ბიანკოს ფონდი"-ის ორგანიზებით მე-17 საერთაშორისო ასამბლეის მუშაობაში. ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანია, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი, რომლებმაც ისაუბრეს ქართველთა და აფხაზთა ურთიერთანაცხოვრების მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე, ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის დამყარების გზების ძიების აუცილებლობაზე, სამშვიდობო დიალოგის წარმართვაში მათ აქტიურ ჩართვასა და მონაწილეობაზე, აღნიშნულ საკითხებში ფონდის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ასევე ექსპერტთა მრგვალი მაგიდის ფარგლებში დაგეგმილ პრესკონფერენციაში, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.

დელეგაციის მიერ ასამბლეაზე გაჟღერდა იმ  წინადადების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ფლორენციაში, ფონდთან ერთად სამუშაო შეხვედრას თემაზე  ,,კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული და ევროპული ასპექტები". პროექტში სხვა და სხვა ეროვნების ახალგაზრდების მონაწილეობაა გათვალისწინებული.  

აფხაზეთის მთავრობასა და „დელ ბიანკოს ფონდს" შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ინტერკულტურული დიალოგისათვის ხელშეწყობას და მასში ხელმომწერი მხარეების აქტიურ თანამშრომლობას.

ვიზიტის ფარგლებში, შედგა შეხვედრა ასევე ფლორენციის ინტეგრაციის ასესორთან,  სარა ფურანოსთან, რომელმაც აფხაზეთის მთავრობის წევრებს გაუზიარა იტალიის გამოცდილება ინტეგრაციის საკითხებში და დაიგეგმა  მომავალი თანამშრომლობა.

გაიმართა შეხვედრები ფლორენციის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, ქართულ დიასპორასთან და ფლორენციის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის სამრევლოსთან, რომელსაც ესწრებოდა იტალიის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მათ ღვთისმშობლის ხატი და სანთლები გადასცა.

ვიზიტის ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო იტალიაში.