მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქციას – „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ შეუერთდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საყოველთაო კამპანიას „საქართველო C ჰეპატიტის გარეშე!” შეუერთდა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, მინისტრის მოადგილეებმა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა კამპანიისთვის სამი მთავარი გზავნილი შეარჩიეს:

1. ჯანსაღი ცხოვრების წესი;

2. აქტიური პრევენცია;

3. საზოგადოების კონსოლიდაცია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გამოწვევას უგზავნის აფხაზეთი ა/რ უმაღლეს საბჭოს.

2015 წელი საქართველოში C ჰეპატიტთან ბრძოლის წლადაა გამოცხადებული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა მხარს უჭერს ჯანდაცვის სამინისტროს აქციას და მასში სერიოზულ მონაწილეობას გეგმავს.

„C ჰეპატიტთან ბრძოლა და მისი დამარცხება კაცობრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. მიხარია, რომ ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო ბატონ დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით. ბუნებრივია, რომ ჩვენი, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად გამოეხმაურა ამ აქციას, რადგან აფხაზეთის მოსახლეობაში ეს დაავადება ფართოდაა გავრცელებული. ეს სენი კაცობრიობის ერთ-ერთ საშინელ დაავადებად იქცა, მასთან გამკლავება კი მხოლოდ საზოგადოების სრულ მობილიზებას შეუძლია. მადლობა პროექტის ინიციატორებს, რომ საზოგადოებას ეძლევა საშუალება საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ საშინელი სენის დამარცხების საქმეში. დარწმუნებული ვარ, მას საყოველთაო მხარდაჭერა ექნება.

ვუერთდებით ამ შესანიშნავ ინიციატივას და ღრმად მწამს, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ამ მძიმე სენის დამარცხებას“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ჯანდაცვის მინსიტრის, ქეთევან ბაკარაძის განცხადებით, ეს აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებული აფხაზეთისათვის, ვინაიდან იქ ეს დაავადება საკმაოდ გავრცელებულია. მანვე იმედი გამოთქვა, რომ იქ მაცხოვრებელი ადამიანები აქციაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოაცხადა. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ვუერთდებით ამ აქციას; ეს არის წინ გადადგმული რევოლუციური ნაბიჯი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის, რადგან რეგისტრირებული ფორმით, ამ დაავადებით მოსახლეობის დაახლოებით 10%-ია დაავადებული, თუმცა, არაოფიციალური ცნობებით ეს რიცხვი ალბათ გაცილებით მეტია. ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან C ჰეპატიტით დაავადებულია ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომლებიც თავიანთი სახსრებით წლების მანძილზე ვერ ახერხებდნენ ამ დაავადების დამარცხებას. ახლა მათ რეალური შანსი მიეცათ – უზარმაზარი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. ეს პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ ძვირადღირებული მედიკამენტებით უზრუნველყოფას, არამედ დიაგნოსტიკურ კვლევებსაც. სოციალურად დაუცველთათვის ეს აქამდე მიუღწეველი მომსახურება იყო. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს ცენტრალური ჯანდაცვის სამინისტროს ვერტიკალს, ჩვენ მათი ნაწილი ვართ; ყველა მათ ინიციატივას ჩვენ ვიზიარებთ, მხარში ვუდგავართ და რასაკვირველია ახლაც, ჩვენ მათთან ერთად აქტიურად ჩავერთვებით ამ საქმეში“, – განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ.