მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობამ გლდანში ჩასახლებულ დევნილებს სადღესასწაულო ნობათი გადასცა

გლდანში, ანგია ბოჭორიშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში კომპაქტურად მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია ესტუმრნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ მოსახლეობას ახალი წელი და შობის დამდეგი დღესასწაული მიულოცა. 26 ოჯახს აფხაზეთის მთავრობის საშობაო ნობათი გადაეცა. მისი განცხადებით, სადღესასწაულო ნობათის დარიგების აქცია, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა აქამდე მხოლოდ გარკვეული კატეგორიის დევნილთათვის მართავდა – ამჯერად დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გაგრძელდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ იმ ღონისძიებათა ციკლს, რომელიც ახალ წლამდე დავიწყეთ. მანამდე, ჩვენ მსგავსი აქცია მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიისთვის ჩავატარეთ, მათ შორისიყვნენ ინვალიდები, ომში დაღუპულთა მშობლები და ა. შ. რაღა თქმა უნდა, ეს არ იყო ყოვლისმომცველი აქცია. ახლა გადავედით უკვე კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობაზე. პირველ აქციას გლდანში ვატარებთ. ძალიან გამეხარდა, რომ ამ ოჯახებში ძალიან ბევრი ბავშვია. მახარებს ისიც, რომ ეს ოჯახები საახალწლო განწყობით და სიხარულით შეგვეგებნენ. მადლობელი ვართ გულითადი მიღებისთვის“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, დღეს გლდანში ვიყავით, ბოჭორიშვილის ქუჩაზე, ყოფილ ბაგა-ბაღში ჩასახლებულ დევნილებთან. აქ აფხაზეთიდან დევნილი 26 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც მცირე საახალწლო ნობათი გადავეცით. ახალი წელი მივულოცეთ და ვუსურვეთ, რომ ეს წელი აფხაზეთში დაბრუნების წელიწადი ყოფილიყოს“, – აღნიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძემ.