მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
90 წელს გადაცილებულ აფხაზეთიდან დევნილებსა და მრავალშვილიან ოჯახებს საშობაო ნობათი გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის „სოლიდარობის ფონდმა" და მოძრაობამ „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" 30 დეკემბერს მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა.

აქციის ფარგლებში თბილისში მცხოვრებ 90 წელს გადაცილებულ დევნილებსა და მრავალშვილიან ოჯახებს, საერთო ჯამში 300-დე ოჯახს წინასაახალწლოდ საშობაო ნობათი გადაეცა. საშობაო ნობათების გაცემა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შენობაში გაიმართა.

საქველმოქმედო აქციის ორგანიზებაში ჩართული იყო კავკასიის ახალგაზრდული ალიანსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო პირები და სასწავლო დაწესებულებები.

პროექტის ინიციატორი იყო ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი. პროექტში აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა უწყების თანამშრომელი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

აქციის „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" პირველ ეტაპზე, 27 დეკემბერს  საშობაო ნობათები II მსოფლიო ომის ინვალიდებსა და ვეტერანებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, არასრულწლოვან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებს, მარტოხელა დედებსა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა მშობლებს გადაეცათ.