მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდში დევნილთათვის ახალი პოლიკლინიკის გახსნის პრეზენტაცია გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაია დღეს ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის პოლიკლინიკის გახსნის პრეზენტაცია გამართა. 

კლინიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით აშენდა. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის  და გამგეობის ხელმძღვანელები.

პოლიკლინიკაში დასაქმდა 55 აფხაზეთიდან დევნილი ადამიანი.

დევნილთა ორსართულიანი პოლიკლინიკა აღჭურვილია მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, სადაც იფუნქციონირებს ამბულატორიული ქირურგიის, ლაბორატორიის, რენტგენისა და ულტრასონოგრაფიის კაბინეტები. იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას პოლიკლინიკაში ყველა მიმართულების დარგობრივი სპეციალისტი მოემსახურება.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობამ პოლიკლინიკის აშენება, ბიუჯეტში ეკონომიის ხარჯზე მიღებული სახსრებით შეძლო. მისივე თქმით, მომავალი წლისთვის, აფხაზეთის მთავრობა ახალი კლინიკის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ორსართულიანი, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრის აშენებას გეგმავს.

„ძალიან მახარებს, რომ 2014 წელს, დევნილთა ჯანმრთელობის მოწესრიგების გზაზე, კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ. მწყობრში ჩადგა პოლიკლინიკა, რომელიც უამრავ დევნილს შეუმსუბუქებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ახლა საკუთარი ჭერი გვაქვს, რომელიც პირადად მე, ძალიან დიდ შვებას მგვრის. 21 წელი ხომ ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოს ვიყავით შეკედლებული, როსთვისაც უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთელ საექიმო პერსონალს და, რა თქმა უნდა, მთავარ ექიმს, რომეთავ არაფერი დაუშურებიათ და დღე და ღამ ჩვენი დევნილების ჯანმრთელობის სადარაჯოზე იდგნენ.

ახალი კლინიკის ბაზაზე ჩვენი დევნილებისთვის 55 სამუშაო ადგილი შეიქმნა. რა თქმა უნდა, ამას პატარა საქმეს ვერ ვუწოდებ. ვერ დაგიმალავთ და ისიც მეამაყება, რომ პოლიკლინიკა აფხაზეთის მთავრობის მიერ ეკონომიის ხარჯზე მიღებული სახსრებით აშენდა. ეს ჩვენი მთავრობის საახალწლო საჩუქარია ჩვენი მოსახლეობისთვის. ახალი კლინიკა მრავალი ადამიანის შრომის, შემართებისა და თანამშრომლობის შედეგია. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მათგანს, ვინც არაფერი დაიშურა, რომ დევნილებს საკუთარი ჯანმრთელობის კერა ჰქონოდათ ზუგდიდში. დარწმუნებული ვარ, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ეს პოლიკლინიკა უამრავ ადამიანს გაუწევს მომსახურებას. მით უმეტეს, რომ მომავალ წელს, აფხაზეთის მთავრობა ახალი კლინიკის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ორსართულიანი, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრის აშენებას გეგმავს. აქვე მინდა გაცნობოთ ისიც, რომ საქართელოს მთავრობა 2015 წელს მრავალპროფილიანი, მულტიკულტურული სამედიცინო, საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ზუგდიდელებს, იმ ექიმებს, რომელთაც ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწიეს. იმედი მაქვს, პოლიკლინიკის მთავარი ექიმი ბატონი თამაზ ჯანაშია, რომელმაც უკვე ძალიან დიდი შრომა გასწია კლინიკისთვის, თავის გუნდთან ერთად, წარმატებულად გაუძღვება საექიმო და ადმინისტრაციულ საქმიანობას.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, ადგილობრივ გამგეობას, ადმინისტრაციას გაწეული სამუშაოსთვის და მხარში ამოდგომისთვის. ყოველ მათგანს ჩვენს დევნილებთან ერთად მინდა მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი.

ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიკეთე, ბარაქა, არასოდეს მოკლებოდეს თქვენ და თქვენი ახლობლების ოჯახებს“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.