მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
საქართველოს პარლამენტში აფხაზეთის მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ კომიტეტების ერთობილივი სხდომა გაიმართა

დღეს, 22 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში გაიმართა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა, რომელზეც განიხილეს აფხაზეთის მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობა.

შეხვედრას უძღვებოდნენ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნებისა" და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი და ჯნმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. დიმიტრი ხუნდაძემ მოკლედ მიმიოხილა საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლებიც უკვე ხორციელდება მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

სხდომაზე მოხსენებები წარმოადგინეს პროფესორმა, ექსპერტმა დემოგრაფიულ საკითხებში ანზორ თოთაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ. თოთაძემ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზი მოსახლეობის დემოგრაფიული მონაცემები წარმოადგინა, ვახტანგ ყოლბაიამ კი განიხილა დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობა.

„დღევანდელი შეხვედრა პარლამენტში აფხაზეთის დემოგრაფიული ვითარების საკითხებზე, მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა.  აფხაზეთის დემოგრაფიული მდგომარეობა რომ  კატასტროფულია, ეს არაერთხელ გვითქვამს. ახალი კვლევების თანახმად, ხვალ და ზეგ აფხაზეთი და დანარჩენი საქართველო შესაძლოა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. ამიტომ, ეს საკითხი მუდმივად ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისიდან მიწოდებული ნებისმიერი დახმარება აფხაზეთში პროვოვოკაციად აღიქმება, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი განგაშის ზარმა აფხაზეთშიც შეაღწიოს. თუ აფხაზი ეთნოსი დაიკარგება, ჩვენი ჯერიც მალე დადგება. ჩვენ ერთმანეთი უნდა გადავარჩინოთ და დახმარების ხელი გავუწოდოთ. 1991-1992 წლების ომი ჩვენთვის კატასტროფული იყო, მაგრამ მიუხედავად გაუცხოებისა, აფხაზურ-ქართული შერეული ოჯახების შექმნა, მაინც გრძელდება; ახლახან ვიყავი ბათუმში და რამდენიმე ასეთი ოჯახი პირადად მოვინახულე.

დღევანდელი მოსმენები პარლამენტში გია ვოლსკის ინიციატივით მოეწყო. სხვადასხვა კომიტეტების მხრიდან გამოითქვა მრავალი მოსაზრება, რომელთაც იმედი მაქვს, მალე კონკრეტული სახე მიეცემა და იმპლემენტაციაც არ დააყოვნებს. დოკუმენტი მხოლოდ დოკუმენტად არ უნდა დარჩეს, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ამ საკითხის ირგვლივ სწორი და ადეკვატური ნაბიჯების გადასადგმელად კოორდინაცია უნდა მოხდეს. საკითხი, რომელიც დღეს განვიხილეთ აფხაზეთთან მიმართებაში, ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესია", -  განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობა ასევე მიიღეს გაეროს ბავშვთა ფონდის, გაეროს მოსახლეობის ფონდის, წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანიზაციის, საპატრიარქოს, არასამთავრბო ორგანიზაციებისა და აფხაზე ეროვნების წარმომადგენლებმა.

სხდომის ბოლოს, ოთხმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთის მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით კონკრეტული წინადადებების შესამუშავებლად.

სხდომის მთავარი გზავნილი საზოგადოებისთვის კი გახლდათ „ერთად გადავარჩინოთ ქართულ-აფხაზური გენოფონდი".