მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთათვის სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კლინიკა „ლანცეტის“ ორგანიზებით, დღეს, ბათუმში, შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში“ აფხაზეთიდან დევნილთათვის სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა. აქციაში ასევე მონაწილეობდა თბილისის დევნილთა პოლიკლინიკა. გარდა ამისა, პაციენტებს ემსახურებოდა ზუგდიდის კლინიკა „ლაიფის“ ონკოლოგი ბესიკ აბშილავა. სამედიცინო გამოკვლევებში ჩართულია კლინიკა „ლანცეტის“ 16 დარგობრივი ექიმი.

გარდა სამედიცინო გამოკვლევებისა, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ 17 000 ლარის ღირებულების მედიკამენტები, ასევე დარიგდა ჰუმანიტარული ტვირთი. გამოკვლევებში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 3 500-მა დევნილმა. ანალოგიური აქცია აფხაზეთიდან დევნილთათვის ხვალ უკვე ქობულეთში გაიმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ქეთევან ბაკარაძის განცხადებით, ბათუმში წარმოდგენილი იყო მაღალი კვალიფიკაციის 30 სპეციალისტი. მისივე თქმით, გამოვლინდა რამდენიმე საკმაოდ მძიმე პაციენტიც.

„აჭარაში ჩამოსვლა დიდი ხანია რაც დაგეგმილი გვაქვს, დევნილებიც რა ხანია გველოდებიან. მათი ძალიან დიდი თხოვნა იყო, რომ ჩვენი სამეცდიცინო ჯგუფი ფართო სპექტრით ყოფილიყო წარმოდგენილი. მაქსიმალურად შევეცადეთ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება – წარმოდგენილია 30-მდე სპეციალისტი, რომელთა შორის, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, არის ონკოლოგი, მამოლოგი, ანგიოლოგი. 

სამწუხაროდ, დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში, პაციენტებში გამოვლინდა მძიმე ონკოლოგიური შემთხვევები. ისინი დაკვალიანდნენ, გვეწვევიან თბილისში და მათ უფრო მაღალტექნოლოგიური კვლევები ჩაუტარდებათ, შემდეგ კი მკურნალობა გაეწევათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. მედიკამენტებთან ერთად დევნილებს გადავცემთ ჩვენ მიერ შექმნილ საოჯახო პაკეტებს, რომელშიც შედის პირველადი სააფთაქო მოთხოვნა; ასევე ვარიგებთ ჰუმანიტარულ ტვირთს“, – განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ.