მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ბათუმში ჟიული შარტავას სახელობის ქუჩა გაიხსნა

დღეს, ბათუმში ქალაქ ბათუმის მერიის, საკრებულოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის ქუჩა გაიხსნა - ყოფილ „გმირების ხეივანს" დღეიდან ჟიული შარტავას ქუჩა დაერქმევა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, ბათუმის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ. ასევე ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები, საზღვაო აკადემიის სტუდენტები, ჟიული შარტავას ბათუმელი მეგობრები. ბათუმის მერმა დამსწრე საზოგადოებას ამცნო, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება ჟიული შარტავას მემორიალი, სადაც უკვე გახსნილია დაფა წარწერით: „აქ აღიმართება ჟიული შარტავას მონუმენტი".

ღონისძიებისა და ბათუმის მერიის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.

„დღევანდელი ღონისძიებით, ამ შესანიშნავი ხეივნისთვის ჟიულის სახელის მინიჭებით, ბათუმში გაგრძელდა ჟიული შარტავას სახელის უკვდავყოფის კიდევ ერთი უწყვეტი ხაზი. მთავრობის დიდი ძალისხმევით ჟიული შარტავას 70 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები გრძელდება. ეს აისახა ქალაქ ბათუმის მერიის, კომისიის გადაწყვეტილებაშიც, რომელთაც ამ შესანიშნავ, დიდ, ულამაზეს ქუჩას ბათუმში, ჟიულის სახელიუწოდეს. ამისათვის მინდა მადლობა ვუთხრა ბათუმელებს, ქალაქის მერიას, საკრებულოს, აჭარის უმაღლეს საბჭოს, მთავრობას, საზოგადოებას, რადგან ჟიული შარტავას სახელის უკვდავყოფისთვის ძალიან ბევრი გააკეთეს. აქ აღიმართება ჟიულის ძეგლი, რომელიც გმირთა მოედანს დაამშვენებს. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ჟიულის აჭარელ მეგობრებს, რომელთა დიდმა მონდომებამ დააჩქარა და ორგანიზება გაუკეთა დღევანდელ ღონისძებას", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.