მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ბათუმში საერთაშორისო პროექტის „ფეხბურთის ღია სახალისო სკოლები“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

ბათუმში საერთაშორისო პროექტის „ფეხბურთის ღია სახალისო სკოლები" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა აფხაზეთიდან დევნილმა 200-მდე მოზარდმა მიიღო. დევნილ მოზარდებს საჩუქრად სპორტული მაისურები, კეპები და ბურთები გადაეცათ. ღონისძიება საზეიმოდ დახურა აფხაზეთის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა, რომელიც საბერძნეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალიდან ორი დღის წინ დაბრუნდა.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ. პროექტი 1-ელ სექტემბერს დაიწყო და 5 სექტემბერს დასრულდება.

პროექტი აფხაზეთის მთავრობის, ქალაქ ბათუმის მერიისა და ევროკავშირის მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებისორგანიზატორია სახალისო სკოლების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ორგანიზაცია, ასევე საქართველოსა და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციები.

ღონისძების შესახებ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესმრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, ასეთ ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დევნილი ახალგაზრდებისთვის. მისივე განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა უკვე მუშაობს, რომ მსგავსი ღონისძიებები სხვა რეგიონებში არსებულ დევნილთა ჩასახლებებშიც ჩატარდეს. ღონისძიებაში მონაწილეობისათვის ყოლბაიამ მადლობა გადაუხადა ათენიდან ახლახანს დაბრუნებულ აფხაზეთის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლს.

„დღევანდელი დღე განსხვავებულია იმით, რომ ეს პროექტი საერთაშორისო სტრუქტურების მიერაა დაფინანსებული. მართალია ამ სახის პროექტში დევნილები უკვე მეორედ მონაწილეობენ, მაგრამ დღევანდელი აქცია ძლიან მასშტაბურია, რაც ძალიან მახარებს. აქ ხომ მხოლოდ ფეხბურთი არ იყო, სპორტის სხვადასხვა სახეობებში შერკინება, შეჯიბრი, ზრდის ახალგაზრდების მოტივაციას, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ეს აყალიბებს მათ ფსიქიკას, ავლენს იმ მისწრაფებებს, რომელიც მათ ქვეყანას, ოჯახებს გამოადგებათ, უწინარესად კი მათ წინსვლას შეუწყობს ხელს. თქვენ ნახეთ, რომ ამ ბავშვების წინაშე გამოვიდა აფხაზეთის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი, რომელიც ათენიდან ამ დილით ჩამოვიდა, სადაც ბრწყინვალედ დააგვირგვინა თავისი გამოსვლა საერთაშორისო ფესტივალზე. მე დამირეკა საქართველოს ელჩმა საბერძნეთში ბატონმა დავით ბაქრაძემ და დიდი მადლობა გადაუხადა ანსამბლის თითოეულ წევრს ბრწყინვალე ხელოვნების ჩვენებითვის. მათ ასახელეს საქართველო, აფხაზეთი და ჩვენ ამით ძალიან გახარებულნი ვართ; სამი დღის ნამგზავრმა ანსამბლმა აქ სულით და გულით უჩვენეს ბავშვებს თავიანთი ოსტატობა. მადლობა მინდა ვუთხრა ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს, მადლობა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მურად ანჯაფარიძეს, ბატონ ვალერი ჭოლარიას, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი მესვეური იყო; მადლობა მინდა ვუთხრა ცეკვის ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფს სერგო გეგეჭკორს, ასევე ბატონ თამაზ თევზაძეს რომელიც ამ პროქტის შემოქმედია,შედეგი კი შესანიშნავი. თქვენ ნახეთ თუ რა კმაყოფილი იყო ხალხი, მათ მადლობა გვითხრეს ჩვენ, ამ ღონისძების ორგანიზატორებს. მინდა, რომ ასეთი რამ დევნილთა სხვა ჩასახლებებშიც გაგრძელდეს, განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ასეთმა პროექტებმა უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღოს, და ყველა დევნილის სახლში შემოვიდეს სიხალისის, წინსვლის და იმედის შუქი ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.