მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
დღეს, ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

დღეს, ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაკარგულ მებრძოლთა პატივსაცემად, ვაშლიჯვარში ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანეზე" იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წევრები. მათ დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაკარგულ მებრძოლთა სიმბოლურ საფლავებზე ყვავილები მიიტანეს.

ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე ასევე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიდა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ფერაძე, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაკარგულ მებრძოლთა ოჯახის წევრები და თანამებრძოლები.

ღონისძიების დასასრულს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავით ლონდარიძემ მებრძოლ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

დღესვე, საერთაშორისო „წითელი ჯვრის" კომიტეტის ორგანიზებით, ღონისძიება ასევე გაიმართა წერეთლის გამზირზეც, მუზეუმ „მოლოდინში", სადაც ომში დაკარგულ მებრძოლთა ფოტოები გამოიფინა. მუზეუმში შეიკრიბნენ ომში დაკარგულ მებრძოლთა დედები და ოჯახის წევრები, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წევრები.

დაკარგულთა დედებსა და ახლობლებს სიტყვით მიმართა ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, ამ ადამიანების წინაშე მთელი საქართველო ვალშია.

„ეს დღე ჩემთვისაც განსაკუთრებულია, რადგან ისევე როგორც ჩემმა მეგობრებმა და კოლეგებმა ჩვენი მთავრობიდან, აფხაზეთის ომი მათთან ერთად ჩვენც გამოვიარეთ. ბევრი თქვენგანის შვილებთან ერთად მოგვიწია ყოფნა. ყოველ მათგანთან დიდი თუ არა მცირე მოგონებები მაინც გვაკავშირებს. მოლოდინი დიდი ტვირთია, რომელსაც ჩვენც თქვენთან ერთად ვატარებთ, მაგრამ მოლოდინი მაინც იმედდთან ასოცირდება, რომელიც არასოდეს კვდება.

ომში ჩვენ საუკეთესო ბიჭები დავკარგეთ, რომელმაც საქართველოს აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა. ჩვენ ვალდებული ვართ დედებს და ახლობლებს მხარში ამოგიდგეთ, შეგიმსუბუქოთ ის დიდი ტკივილი, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებთ. ამ ტვირთს საქართველოსთან ერთად ატარებს დანარჩენი მსოფლიოც, რომელსაც ომების შედეგად დაღუპულებთან ერთად უამრავი უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილი ჰყავს. დღევანდელი დღე ომში დაკარგულ მეომართა ხსოვნის საერთაშორისო დღეა, რომელთა წინაშეც ჩვენ თავს ვხრით და პატივს მივაგებთ მათ უკვდავ სახელებს. ამ დარბაზში არიან შვილდაკარგული დედები. ქედს ვიხრი მათი თავშეკავების, მათი გამძლეობის, მათი გაუნელებელი ტკივილის წინაშე. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ და ვიქნებით მუდამ. არავის აქვს უფლება დაივიწყოს ის ჯოჯოხეთი, რაც ერთად გამოვიარეთ. არავის აქვს უფლება დაივიწყოს ჩვენი ვაჟკაცი მეომრები, დაღუპულები, უგზო-უკვლოდ დაკარგულები. მადლობა მინდა გადავუხადო ყოველ თქვენგანს, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და მიჭირს თქვენთვის თვალის გასწორება, რადგან მე ცოცხალი ვარ, თქვენი შვილები კი უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულები. დიდი მადლობა ქალბატონ ნინელი ანდრიაძეს არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „მოლოდინის" ხელმძღვანელს და მის მეგობრებს, რომ ემსახურებიან ამ მეტად სათუთ საქმეს", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.