მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით მძლეოსნობაში ვიქტორ სანეევის სახელობის ტურნირი ჩატარდა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო აფხაზეთის მკვიდრის, ლეგენდარული მძლეოსნის, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენის - ვიქტორ სანეევის სახელობის ტურნირი მძელოსნობაში.

შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთიდან დევნილმა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებმა, 1996-2001 წლებში დაბადებულმა ოთხმოცამდე მძლეოსანმა.

ტურნირის მიზანია მძლეოსნობის განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა და აფხაზეთის ნაკრები გუნდის ჩამოყალიბება.

ტურნირი პირად პირველობაზე გოგონებსა და ვაჟებს შორის მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობებში ჩატარდა (სამხტომი, ბირთვის კვრა, სიგრძეზე ხტომა, 4 ჭოკით ხტომა, რბენა 600 და 800 მ)

ტურნირში გამარჯვებულები დააჯილდოვეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრებმა.

დაჯილდოების შემდეგ, ვახტანგ ყოლბაიამ გამართული ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ამ ღონისძიების მესვეურთა წყალობით, აფხაზეთის მძლეოსნობის ფედერაციისა და განათლებისა და კულტურის სამინისტროს დამსახურებით, ძალიან კარგი სპორტული დღე ჩატარდა. მადლობას მოვახსენებ მათ ამისთვის. ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულ ფედერაციას იმისათვის, რომ დღეს ეს დარბაზი დაგვითმო და ამ ღონისძიების ჩატარების საშუალება მოგვცა. მიხარია და ვამაყობ, იმით, რომ დღეს ასეთი სპორტული პოტენციალი დაგვანახა აფხაზეთიდან დევნილმა მძლეოსანთა ჯგუფმა. ამ ბიჭებს და გოგონებს, მართლაც აქვთ დიდი მომავალი, გახდნენ ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები. ისინი უკვე არიან ჩამოყალიბებული პიროვნებები და სპორტსმენები. სპორტი, როგორც ცნობილია, ზრდის პიროვნებას, უღვივებს მას პატრიოტულ გრძნობებს. სპორტი აყალიბებს ისეთ ადამიანს, რომელიც ქვეყანას გამოადგება. სპორტისთვის და სპორტსმენისთვის საზღვრები არ არსებობს. წარმატება არღვევს ყველა ბარიერს, ყველა საზღვარს, ყოველგვარ წინააღმდეგობას, ყველანაირ ჩაკეტილობას და წამის მონაკვეთში ხდება მსოფლიოსთვის ცნობილი პიროვნება. ვფიქრობ, რომ დღეს სწორედ ასეთი სპორტული ჟინით გაჟღენთილი ახალგაზრდები ვიხილეთ. ამიტომ, მე მივესალმები თითოეულ მონაწილეს, დღეს ყოველი მათგანი გამარჯვებული იყო. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო შეჯიბრების თითოეულ მონაწილეს, განსაკუთრებით საპრიზო ადგილების მფლობელებს, მადლობა ყველას, ვინც ასეთი ლამაზი დღე გვაჩუქა", - განაცხადა ყოლბაიამ.

მისივე თქმით, აფხაზეთის მთავრობისთვის სპორტი ერთ-ერთი პრიორიტეტია და მსგავს ღონისძიებებს ა/რ მთავრობა მომავალშიც ყოველთვის მხარს დაუჭერს.

„ჩვენ ინტენსიურად ვაწარმოებთ მუშაობას სპორტის სხვადასხვა სახეობის აფხაზეთის ფედერაციებთან. შესაძლოა რამდენიმე სახეობა გამოვყოთ და პრიორიტეტულად მივიჩნიოთ. ძნელია ერთბაშად ყველას და ყველაფერს მივხედოთ, მაგრამ შევეცდებით, რომ ასეთი მონაცემების მქონე ბავშვები ყველა სახეობაში გამოვარჩიოთ და გზის გაკვლევაში დავეხმაროთ- დღეს მძლეოსნობა, მანამდე ჭიდაობა, შემდეგ ძიუდო; ძალიან სერიოზული მიღწევებია კალათბურთში, ფეხბურთში. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. დღეს მაცნობეს, რომ ფარიკაობაში ერთ-ერთ საერთაშორისო ტურნირზე თურქეთში, აფხაზეთის წარმომადგენელმა საპრიზო ადგილი აიღო. ჩვენ მიღწევები გვაქვს სპორტის სხვადასხვა სახეობებში, მაგრამ ამას ორგანიზება, მეტი ფინანსების ჩადება სჭირდება. შევეცდებით ეს ფინანსები როგორც ჩვენში, ისე მეცენატებში მოვიძიოთ, რათა უფრო მეტი შევძლოთ და გავაკეთოთ", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვიტალი ბენდელიანის განცხადებით, „9, 10 და 11 მაისს გაიმართება ტურნირი ფარიკაობაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო. ვთვლი, რომ დღევანდელი ღონისძიებით ჩვენი მიზანი შესრულებულია. ვფიქრობ, მალე გვეყოლება აფხაზეთის ნაკრები, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას", -აღნიშნა ბენდელიანმა.