მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აფხაზი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი ძიძარიას 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში, გამოჩენილი აფხაზი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სახელმწიფო და დიმიტრი გულიას სახელობის პრემიების ლაურეტის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის გიორგი ძიძარიას დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა.

სხდომა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. სხდომაზე მოხსენებით პროფესორი ოთარ ჟორდანია წარსდგა.

დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც მეცნიერის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა.

ასევე, აფხაზე მეცნიერის ღვაწლზე ისაუბრეს სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ, პროფესორებმა გიორგი ანთელავამ, ზურაბ პაპასქირმა და აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ვაჟა შენგელიამ.

ღონისძიება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს ისტორიკოსთა საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა.

გიორგი ძიძარიას 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სხდომას ქართველი მეცნიერები, ისტორიკოსები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება დაესწრნენ.