მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ფარიკაობაში აფხაზეთის ღია საერთაშორისო პირველობა გაიმართა. შეჯიბრი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბელა კოპალიანი, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი არჩილ გოგელია, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი, მსოფლიო ჩემპიონი იური ოსოპოვი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ტურნირში აფხაზეთიდან დევნილ და საქართველოს სხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის (ვლადიკავკაზი) და ქუვეითის 200-მდე უცხოელმა სპორტსმენმა.

ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა წელს მესამედ გაიმართა და შეჯიბრი ფარიკაობის სამივე სახეობაში (დაშნა, ხმალი, რაპირა) ჩატარდა.

ხმალში პირველ ადგილზე გასული, აფხაზეთიდან დევნილი ლუკა ლომინაძე და მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი გიორგი მასხულია დიპლომებითა და სიგელებით ვახტანგ ყოლბაიამ დააჯილდოვა. ასევე, გამარჯვებულებს სიგელები და დიპლომები გადასცა აფხაზეთის მთავრობის აღმასრულებელ ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალური საკითხების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ეზუგბაიამ.

საპრიზო ადგილებზე გასულ ყველა სპორტსმენს თასები, მედლები და დიპლომები გადასცეს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა არჩილ გოგელიამ, ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონმა იური ოსოპოვმა და პროექტის ხელმძღვანელმა ვიტალი ბენდელიანმა.

ტურნირის მიზანია, ფარიკაობის, როგორც სპორტის ოლიმპიური სახეობის პოპულარიზაცია და განვითარება. ასევე, ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა, სპორტული ოსტატობის ამაღლება და ჯანსაღი თაობის აღზრდა.