მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
23 მაისს „აფხაზეთობა“ აღინიშნა

საქართველოს საპატრიარქოს და აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით  23 მაისს „აფხაზეთობა" აღინიშნა.

23 მაისი სვიმონ კანანელის ხსენების დღეა, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის" დღედ დადგინდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა:

09:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქოს ტაძარში, მოციქული სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღავლინა.

დღესვე, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, აფხაზეთის ომში დაღუპულთა დედებმა და დევნილმა საზოგადოებამ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

13:30 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ „მზიურში", ქვების ხეივანში, დაიდგა აფხაზეთის გამოჩენილი პიროვნებებისადმი მიძღვნილი ქვა, რომელზეც ამოტვიფრულია აფხაზეთის მკვიდრი ცნობილი საზოგადო მოღვაწეების, სასულიერო პიროვნების, სპორტსმენების, მწერლების, ხელოვანების და მედიცინის მუშაკების სახელები.

ქვის მემორიალი საზეიმოდ გახსნეს და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სტუმრებმა: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, შერგებისა და  სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგიელმ გოგი ფაცაციამ, ასევე ილია ვეკუას, ზურაბ სოტკილავას, არზაყან ემხვარის, ვიტალი დარასელიას ნათესავებმა და ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა ვლადიმერ (სიომა) ბარქაიამ. ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი უძღვებოდა. შესრულდა ქართულ-აფხაზური სიმღერები. მემორიალური ქვა მოქანდაკე ზურაბ კოკაიამ შექმნა.

აფხაზეთის მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდა საზოგადოებრივ გამოკითხვას დევნილ მოსახლეობაში, რათა გამოევლინათ აფხაზეთის საზოგადოების ყველა დროის გამოჩენილი პიროვნებები. ხმათა უმრავლესობით შერჩეულ იქნა 13 პიროვნება: დიმიტრი (არზაყან) ემხვარი, ილია  ვეკუა, აკაკი ჩხენკელი, გიორგი შარვაშიძე, ამბროსი ხელაია, დიმიტრი გულია, ლეო ბოკერია, ზურაბ სოტკილავა, ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე, ვიტალი დარასელია, ვიქტორ სანეევი, ვლადიმერ ბარქაია და გიორგი (ჟორა) სიჭინავა.

საპატრიარქოში აფხაზეთისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საპატრიაქროს ორგანიზებით მოეწყო. კონფერენციის შემდგომ აფხაზეთიდან დევნილი კომპოზიტორის ია მაისაიას სიმღერის „აფხაზეთო საქართველოს მშვენებავ" კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.