მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
„აფხაზეთის სოციალური სოლიდარობის ფონდი“ შეიქმნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, 10 ივნისს მთავრობის საკონფერენციო დარბაზში „აფხაზეთის სოციალური სოლიდარობის ფონდის" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დაესწრნენ.

ფონდის გამგეობის თანათავმჯდომარეები პარლამენტარი გოგი ქავთარაძე და პროფესორი ოთარ ბენიძე იქნებიან, დირექტორი კი ირაკლი თადუმაძე იქნება.

ფონდის საქმიანობის მთავარი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური პირობების გაუმჯობესება, დევნილი მოზარდების ქვეყნის ფარგლებს გარეთ განათლების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე, განსაკუთრებული ნიჭის მქონე დევნილი პირების შემოქმედების წარმოჩენის ხელშეწყობა. თავისი მიზნებიდან გამომდინარე, ფონდი იმოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ფონდი 33-მა ადამიანმა დააფუძნა, მათ შორის არიან აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, რომლებიც ნებაყოფლობით და  პერიოდულობით სოლიდარობის ფონდში გარკვეულ თანხებს გადარიცხავენ.

ფონდის მიზნებზე ვრცლად ისაუბრა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ:

„ასეთი ფონდის შექმნის იდეა დიდი ხანია არსებობს და მის შესახებ ჩვენთვის არაერთხელ მოუმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათ შორისაა ბიზნესმენთა, ადვოკატთა და ჟურნალისტთა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „სინერგია". საქართველოს ბიუჯეტი ვერ აუდის იმ მოთხოვნებს, რომელიც დევნილ მოსახლეობას მარადიულ პრობლემად ექცა. ძალიან მძიმეა დავრდომილ ადამიანთა ყოფა. როდესაც დახმარებას ითხოვს მძიმედ დაავადებული ბავშვის მშობელი და შენ მას ვერ ეხმარები, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა ყველასთვის. მშობლისთვის, მოზარდისთვის, საზოგადოებისთვის. ასევე, გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა, რომელსაც ჩვენ სათანადოდ ხელს ვერ ვუწყობთ. პრობლემები გვაქვს განათლების სფეროში. სათანადო ბაზის უქონლობის გამო ახაგაზრდები საზღვარგარეთ სწავლისგაგრძელებისკენ მიისწრაფიან, რასაც ჩვენ ძალიან მცირე რაოდენობით ვახერხებთ კულტურის და განათლების სამინისტროსტან ერთად. გვეზრდება ძალიან სპორტული და ნიჭიერი ახალგაზრდობა სხვადასხვა სახეობაში - ფარიკაობაში, ფეხბურთში, ფრენბურთში, ჭიდაობაში; მათ სერიოზული ხელშეწყობა სჭირდებათ. აღარაფერს ვამბობ კულტურის იმ დარგებზე, რომელთაც ყველაზე მეტად აქვთ შესაძლებლობა წარმოაჩინონ აფხაზეთის კულტურული ცხოვრება, რომელიც ძალიან მრავალფეროვანია: გვყავს შესანიშნავი კაპელა, ცეკვისა ანსამბლი, სამუსიკო სასწავლებლები, მრავალი სხვა. ჩვენ ყველას გვსურს, რომ მათ ჩვენი ხელოვნება მსოფლიოს დიდ სცენებზე გაიტანონ. მოკრძალებული დაფინანსებისა და ხელფასების მიუხედავად ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი კულტურის, მეცნიერების, განათლების, სპორტის მუშაკები უდიდეს ენთუზიაზმს ავლენენ და ხვალინდელ დღეს იმედით გასცქერიან. სწორედ ამ მიზნების განხორციელებისკენ იქნება „აფხაზეთის სოციალური სოლიდარობის ფონდის" საქმიანობა მიმართული. ჩვენ ნახევარი წელი ვიფქრობდით, ვის შეეძლო ეტვირთა ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარეობა. საბოლოოდ ჩვენი არჩევანი გოგი ქავთარაძეზე შევაჩერეთ. გოგი ქავთარაძესთან ერთად ფონდში მუშაობა ვთხოვეთ ოთარ ბენიძეს, ის გახლავთ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, პროფესორი. ფონდში ნებაყოფლობით გადაირიცხება ჩვენი მინისტრებისა და მათი მოდაგილეების მიერ გარკვეული შემოწირულობები. იმედი გავაქვს, რომ ამ ფონდს შეუერთდებიან სხვა სტრუქტურებიც, ბიზნესმენები თუ ნებისმიერი მსურველი", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.