მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტული თამაშების ფინალური შეჯიბრი ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, გლდანის სპორტულ კომპლექსში აფხაზეთის მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტული თამაშების ფინალური ტურნირი ჩატარდა. ღონისძიება აფხაზეთის რეგიონული ოლიმპიური კომიტეტისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

სპორტულ თამაშებში მონაწილეობა მიიღეს რეგიონების ზონალურ შეჯიბრებებში გამარჯვებულმა აფხაზეთის საჯარო სკოლების ნაკრებმა გუნდებმა. ნორჩი სპორტსმენები ერთმანეთს მძლეოსნობაში, მინი-ფეხბურთში, ძალისმიერ ტურნირსა და ბაგირის გადაძალვაში შეეჯიბრნენ.

შეჯიბრის მონაწილეებს აფხაზეთის რეგიონული ოლიმპიური კომიტეტის სერთიფიკატები, სპორტული კეპები და მაისურები გადაეცათ, ხოლო სახეობების მიხედვით გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები შესაბამისი სახის დიპლომებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

„ეს არის სპორტული ჟინი, აქ ჩამოსულია აღმოსავლეთისა და დასავლეთის ახალგაზრდობა, ჩვენი სკოლები, აქვეა ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეც, ეს არის უზარმაზარი სიხარული, ეს არის სიყვარული, ეს არის სპორტი. რასაც ვაკეთებთ ფიქრი ერთისკენაა მიმართული - ფიქრი იმაზე, რომ დავბრუნდეთ აფხაზეთში და მზად ვართ, რომ არ დავბრუნდებით ცარიელი ხელებით. მთავარია დაბრუნება იყოს და სპორტშიც, ხელოვნებაშიც, თატრშიც, მუსიკაშიც, მეცნიერებაშიც თავის სიტყვას ყოველთვის იტყვის აფხაზეთი, მე ყველას ვულოცავ ამ დღეს", - განაცხადა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა.