მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდში დევნილებს ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ანგარიში ჩააბარა

დასავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით, დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დევნილებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა და მათ ახლახან დასრულებული ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში განხილული საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„შეხვედრაზე თავი მოიყარა ზუგდიდში მოქმედმა თითქმის ყველა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. მე მათ გავაცანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შედეგები, აფხაზეთში მიმდინარე პასპორტიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. დამისვეს კითხვები ყოველი ჩვენგანისთვის მტკივნეულ საკითხებზე: ემუქრება თუ არა გალის ქართულ მოსახლეობას ტოტალური გამოდევნა საცხოვრებელი ადგილებიდან, რა ბედი ელის აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ჩვენს ტაძრებს. რაღა თქმა უნდა, შევეხეთ უსაფრთხოების პრობლემებს, რაც ამ ბოლო დროს გალის ტერიტორიაზე გახშირებულ გატაცებებსაც უკავშირდება. ბუნებრივია, დაისვა კითხვები ყველაზე მტკივნეულ პრობლემაზე - დევნილთა დაბრუნების თაობაზე", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ყოლბაიამ გალის რაიონიდან ქართველების გამოსახლების შესაძლებლობა გამორიცხა და ჟენევის ფორმატის დადებით მომენტებზეც ისაუბრა.

„მე ვფიქრობ, რომ აფხაზეთიდან გალის მოსახლეობის არავითარ მასობრივ გამოსახლებას არ უნდა ველოდოთ, ეს უნდა გამოვრიცხოთ. რაც შეეხება პასპორტიზაციის საკითხებს, რა თქმა შესაძლებელია შეიცვალოს აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის დამოკიდებულება გალის ელექტორალური მოსახლეობის მიმართ; რაც შეეხება კულტურულ მემკვიდრეობას, ჟენევის ფორმატში ამ თემაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა სტრუქტურებთან, რომ ამ საკითხისადმი სოხუმსა და თბილისს შორის ერთიანი მიდგომა შემუშავდეს. რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, არ არის გამორიცხული ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე რეალური შედეგებიც მივიღოთ", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.