მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
უფასო სამედიცინო გამოკვლევები ფოთში

გუშინ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ქალაქ ფოთში, აფხაზეთიდან დევნილთათვის მორიგი სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

აქციაში დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. დევნილებს მაღალკვალიფიციური ლაბორატორიული და ულტრასონოგრაფიული კვლევები ჩაუტარდათ. მათ სხვადასხვა პროფილის ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტებიც მიიღეს.

გამოკვლევები მთელი დღის მანძილზე, მალთაყვის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მიმდინარეობდა, სადაც 4000-მდე დევნილია რეგისტირებული.

სამედიცინო გამოკვლევების პროცესს ფოთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

სამედიცინო გამოკვლევების პროცესს ფოთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

„მალთაყვის დასახლებაში ჩასახლებულია 3000-ზე მეტი დევნილი, რომლებიც აქ წყალტუბოდან, ზუგდიდიდან და ფოთიდანაც კი გადმოსახლდნენ. სამი წელია უკვე აქ ცხოვრობენ. მათი თხოვნა იყო, რომ სამედიცინო გამოკვლევა ჩაგვეტარებინა. ჩვენმა ჯანდაცვის სამინისტრომ შეძლო სწრაფად და ორგანიზებულად დღევანდელი დღისთვის მობილიზება. ეს უკვე მეექვსე გასვლითი ღონისძიებაა, რომელსაც ისინი ატარებენ. ამ აქციის ჩატარებაში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებმა გაგვიწიეს დახმარება. ასეთებია: „ფარმადეპო," „სახალხო აფთიაქი", „ავერსი" და სხვები. დიდი დახმარება გაგვიწია ღუდუშაურის ცენტრმა, დვალის კლინიკამ, კლინიკა ლანცეტმა. მოსახლეობა კმაყოფილია, ეს კი ძალიან მახარებს. მახარებს ისიც, რომ ამ აქციაზე სხვადასხვა პროფილის ექიმები მრავლად იყვნენ. უამრავმა დევნილმა ჩაიტარა გამოკვლევა. ხალხმრავლობა თვალში საცემი იყო. შესაძლებლობის ფარგლებში უფასო წამლებიც დარიგდა. თუმცა ყველას ვერ გაწვდა. მაგრამ ამ პრობლემის მოგვარებაზე ჩვენი ჯანმრთელობის სამინისტრო იზრუნებს. სპეციფიურ და უფასო წამლებზე დევნილები ჩვენთან დადგებიან აღრიცხავაზე. ორ კვირაში კი მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ეს წამლები ადგილზე გამოიგზავნება და აქვე დარიგდება. დღევანდელი დღე ჯანდაცვის სამინისტროსათვის არის რიგითი სამუშაო დღე, ჩვენი დევნილებისთვის კი არც ისე ჩვეულებრივი, რადგან ამ აქციას დიდი კმაყოფილებით შეხვდნენ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის მინისტრ ქეთევან ბაკარაძის განცხადებით, გამოკვლევების დროს მოხდა ახალი შემთხვევების აღმოჩენა; გარდა ამისა, სანინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მან ასევე მოინახულა და დახმარება გაეწია რამდენიმე მწოლიარე პაციენტს, რომელთაგან ერთ-ერთი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. მისივე თქმით, დევნილთა უფასო გამოკვლევები სხვა რეგიონებში კვლავაც გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ გუშინვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აკადემიკოს ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრ „ენმედიცის" ორგანიზებით სამედიცინო აქცია გაიმართა გურჯაანშიც.

კლინიკის მაღალპროფესიულ ექიმთა ჯგუფის მიერ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარდათ. პროგრამის ფარგლებში დევნილებზე მედიკამენტები უფასოდ გაიცა.

გურჯაანში გამოკვლევები მთელი დღის განმავლობაში, გურჯაანის ქართულ-ფრანგულ კლინიკაში მიმდინარეობდა.