მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჯუმბერ ბეთაშვილის დაბადებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დიდ დარბაზში ჯუმბერ ბეთაშვილის დაბადებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ჯუმბერ ბეთაშვილი 1993 წლის 27 სექტემბერს ჟიული შარტავასთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად დახვრიტეს.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმა ჯაიანი უძღვებოდა.

ღონისძიების დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ხსოვნას.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ჯუმბერ ბეთაშვილის ნაცნობები და მეგობრები.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის მთავრობის წევრები.

ჯუმბერ ბეთაშვილის ღვაწლსა და დამსახურებებზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.

„მადლობა, ყველას ვინც დღევანდელი საღამოს მოწყობა განიზრახა. მადლობა ოჯახის წევრებს. ჯუმბერი სოხუმისა და მთელი აფხაზეთისთვის კოლორიტული ფიგურა იყო. კეთილსინდისიერების, ჰუმანურობის, წესიერების, პატიოსნების განსახიერება. საქმისადმი მისი დამოკიდებულება ხომ სრულიად განსაკუთრებული იყო. ძალიან ლამაზად იცხოვრა, სანამ ეს უბედურება არ დაგვატყდა თავს, რომელსაც ჩვენდა საუბედუროდ, აფხაზეთის ომი ჰქვია.

ჯუმბერ ბეთაშვილი წარმოუდგენელია ავტომატით, იარაღით ხელში, ის ხომ მხოლოდ მშვიდობას ქადაგებდა. დარწმუნებული ვარ, რომ მისი სახელი მხოლოდ ჩვენთვის არ არის ღირებული, აფხაზებიც არასოდეს იყვნენ გულგრილნი მისი პიროვნების მიმართ. როგორც უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ცუდსა და აუგს მასზე ვერავინ იტყვის, ვერც თბილისში და ვერც სოხუმში. სულ ახლახან მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ჟიული შარტავა გავიხსენეთ, მისი იუბილე გადავიხადეთ. დღეს ჯუმბერ ბეთაშვილზე ვსაუბრობთ. ისინი ხომ ერთ დღეს დახვრიტეს. ომი არავის ინდობს. ქართულ-აფხაზური ომის ადამიანურმა მსხვერპლმა ორივე მხარეს დაგვანახა, რომ მსგავსი საშინელება არ უნდა გამეორდეს. კანონზომიერია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენეთ ჩვენ საზოგადოებას, რომ ჯუმბერ ბეთაშვილისნაირი ხალხი არის ის ხიდი, რომელზეც უნდა იაროს ქართულ-აფხაზურმა ურთიერთობამ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ჯუმბერ ბეთაშვილი ყველა ქართველისათვის სამაგალითო უნდა იყოს.

„ბატონი ჯუმბერ ბეთაშვილი არის შეგნებული გმირობის მაგალითი ყველა ქართველისთვის, ჩვენთვის, ვინც მართლა ვამაყობთ ჩვენი წარსულით. ვისაც გვინდა შევინარჩუნოთ ის ღირსება, ის ისტორია რომელიც ჩვენ ქვეყანას ჰქონდა. სწორედ ჯუმბერ ბეთაშვილის, ჟიული შარტავასა და სხვების მაგალითზე უნდა გავზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა და განსაკუთრებით სამხედრო და შეიარაღებული ძალებისთვის ეს არის მართლაც ის მაგალითი, ის საბრძოლო სულისკვეთება, რომლითაც უნდა აღვზარდოთ ჩვენი მომავალი ჯარისკაცები", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.