მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
სოხუმის გაერთიანებული ავიარაზმის 85 წლის იუბილე აღინიშნა

სოხუმის გაერთიანებული ავიარაზმის 85 წლისადმი მიძღვნილი იუბილე აღინიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა.

12:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და ვეტერანმა ავიატორებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი. დღესვე, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოქმედმა და ვეტერანმა ავიატორებმა ყვავილებით შეამკეს მონუმენტი „საქართველოსთვის" და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირულად დაღუპული მეომრების ხსოვნას.

იუბილის დასკვნითი ნაწილი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში საზეიმო  კონცერტით აღინიშნა, სადაც მოეწყო ვიდეოკლიპის პრეზენტაცია, რომელიც ავიარაზმის იუბილეს მიეძღვნა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს, ქართულ ავიაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ვეტერანებმა გაიხსენეს მათი მოღვაწეობის პერიოდი, მოიგონეს მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ისტორიები და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს 85 წლის იუბილის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადეს.

ავიატორებს დღევანდელი დღე მიულოცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ და სახელმწიფო ავიაკომპანია ,,აბავია''-ს ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გოგი ფაცაციამ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გურამ ჯალაღონიამ ვეტერანებს საჩუქრები გადასცა და წლების განმავლობაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ მოქმედი ავიატორები, ბათუმისა და ქუთაისის ავიარაზმის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.