მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და USAID-ის პროექტ „ZRDA“-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ „ZRDA"-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბასარიამ და პროექტ „ZRDA"-ს წარმომადგენელმა საქართველოში ბრაიან კინგმა მოაწერეს ხელი.

შეთანხმება ე.წ. „გამყოფ ხაზთან", მდ. ენგურის გასწვრივ მდებარე დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები დევნილებისათვის საარსებო წყაროების შექმნას გულისხმობს. ამისათვის, აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი და მასში შემავალი სსიპ „გამწვანებისა და გარემოს დაცვითი პროექტების სააგენტო USAID-ის პროექტ „ZRDA"-ს ტექნიკური მხარდაჭერით ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონის 16 სოფელში მცხოვრები დევნილებისათვის 10.000 მ² სასათბურე კონსტრუქციისა და სათანადო აღჭურვილობის გადაცემას ელექტრონული აუქციონის წესით უზრუნველყოფენ.

მხარეთა შორის გაფორმებული მემორანდუმი  წინა წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი აქტივობების, კერძოდ დევნილებისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლების სასათბურე ბიზნესში ჩართვის პროგრამის გაგრძელებას წარმოადგენს.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.