მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
სოხუმის დაცემიდან 18 წელი გავიდა

სოხუმის დაცემის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ გამართა ღონისძიება სახელწოდებით ,,მე მიყვარს აფხაზეთი". რომელიც სიმბოლურად ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს ჩატარდა. ამფითეატრში ქართველები და აფხაზები საღამოს ერთად ესწრებოდნენ. ღონისძიების დროს შედგა აფხაზეთზე შექმნილი ახალი სიმღერის პრემიერა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დათო არჩვაძემ დაწერა, ტექსტი კი ნინო მაჭავარიანმა შექმნა. სიმღერა სოფო ხალვაშმა შეასრულა. ღონისძიების მონაწილეებს და საღამოზე მისულ სტუმრებს  თეთრი ყელსახვევი ეკეთათ წარწერით - ,, მე მიყვარს აფხაზეთი". ასევე, გაიმართა ბანერული ფოტოგამოფენა, რომელზეც 1-18 წლამდე ასაკის აფხაზეთიდან დევნილი 18 ბავშვის პორტრეტი იყო გამოსახული, წარწერით- „მუდმივი მისამართი-აფხაზეთი".

განმუხურის ამფითეატრში შეკრებილ საზოგადოებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა. ,, 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში მეტად ტრაგიკული დღეა! 18 წლის წინ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ბევრი ღირსეული მამულიშვილი შეეწირა. ასი ათასობით ადამიანმა იძულებით დატოვა თავისი ძირძველი მიწა-აფხაზეთი. დღევანდელი საღამო მიეძღვნა სწორედ იმ მამულიშვილების ხსოვნას,  რომლებიც ასე გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე. ეს საღამო მნიშვნელოვანია იმითაც, რომ უფროს თაობასთან ერთად შეიკრიბა ახალგაზრდა თაობაც. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დევნილობაში დაიბადნენ და აფხაზეთი არც უნახავთ , მათში მშობლიური მხარის სიყვარული გენეტიკურადაა ჩადებული. ამაზე მეტყველებს ბანერებზე გამოსახული წარწერა-,, მუდმივი მისამართი-აფხაზეთი". სწორედ ახალგაზრდა თაობის მისწრაფება აფხაზეთში დაბრუნებისკენ, მათი მზადყოფნა აფხაზ თანატოლებთან საერთო ენის გამონახვისა გვაძლევს იმედს, რომ  ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება" - განაცხადა გიორგი ბარამიამ.

შეგახსენებთ, რომ ღონისძიების მიზანი იყო, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდა თაობას, რომელთა მუდმივი საცხოვრებელი მისამართი აფხაზეთია, სამშვიდობო გზავნილი გაეგზავნა აფხაზი თანატოლებისთვის, მათთან ერთად  მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ერთიანი მომავლის შენების მიზნით.

ასევე, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები 27 სექტემბრის ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ  და  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას  კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი. მათ გვირგვინით შეამკეს დაღუპულთა მემორიალი.