მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ახალი ოფისისა და სარეპეტიციო დარბაზის პრეზენტაცია გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს საკუთრებაში ფართი გადასცა. ამ მოვლენის აღსანიშნავად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში თეატრის ახალ ოფისისა და სარეპეტიციო დარბაზის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თეატრმცოდნეები, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, რეჟისორები და მსახიობები ესწრებოდნენ.

1993 წელს სოხუმის დატოვების შემდეგ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მოღვაწეობა თბილისში განაგრძო. მთელი ამ დროის განმავლობაში დევნილ თეატრს საკუთარი შენობა არ გააჩნდა და სხვადასხვა დროს შეკედლებული იყო რუსთაველის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თავისუფალ და ახმეტელის თეატრებში. ამიერიდან კი თეატრი უკვე საკუთარ შენობაში გააგრძელებს მოღვაწეობას.