მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაია სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეტარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა დევნილი მოსახლეობის მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამყოფი ხაზის (მდინარე ენგურის) მიმდებარე სოფლებში (გალის, ზუგდიდის და წალენჯიხის რაიონების) მცხოვრები მოსახლეობის პრობლემატიკის განხილვას. „დღეის მდგომარეობით საქართველოში 300 000-ზე მეტი დევნილია. დევნილი მოსახლეობის 50% სოფლად ცხოვრობს და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში არის ჩართული", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ შეხვედრაზე.

„მზად ვართ უზრუნველვყოთ დევნილების მაქსიმალური ჩართულობა ყველა იმ პროექტში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ოთარ დანელიას თქმით, დევნილი მოსახლეობა წარმოადგენს იმ სეგმენტს, რომელთან მიმართებაშიც სახელმწიფო ინსტიტუტებმა განსაკუთრებული მზრუნველობა უნდა გამოიჩინონ.

შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კოორდინირებულად იმუშავებენ დევნილი მოსახლეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების ეფექტიანად განხორციელებისათვის.