აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების შეხვედრა გამართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ.
სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან მშვიდობის დაცვისა და უზრუნველყოფის, დეოკუპაციის, პირდაპირი დიალოგისა და ნდობის მშენებლობის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის საქართველოს სახელმწიფოს სერვისებზე, ასევე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესიდან გამომდინარე სარგებელზე ხელმისაწვდომობაზე, საერთაშორისო მხარდაჭერის ამოცანებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქეთევან ციხელაშვილმა, ასევე, უპასუხა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების კითხვებს, რომლებიც სახალხო დიპლომატიას, ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობას, დევნილების დაბრუნების, გადაადგილების თავისუფლებას ეხებოდა.