აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

87 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი მერაბ ბერძენიშვილი გარდაიცვალა

 

ცნობილი ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მერაბ ისიდორეს ძე ბერძენიშვილი დაიბადა თბილისში 1929 წლის 10 ივნისს.

1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მერაბ ბერძენიშვილი ძირითადად მუშაობდა მონუმენტური ქანდაკების დარგში. მისი ნამუშევრებია: "რუსთაველი" (თაბაშირი, 1956, სადიპლომო ნაშრომი, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა), "რუსთაველი" (ბრინჯაო, 1966, მოსკოვი), ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი (1958, II პრემია);

მონუმენტები: დავით გურამიშვილი (თუჯი, 1965, თბილისი), გიორგი სააკაძე (ბრინჯაო, 1971, კასპი), მედეა (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი), "მუზა" (ბრინჯაო, 1971, თბილისი), "კიდევაც დაიზრდებიან..." (ბრინჯაო, 1975, მარნეული, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1976), ლაოსის მეფის მონუმენტი (ბრინჯაო, 1975, ვიენტიანი, ლუანგ-პრაბანგი). 

პორტრეტები: ქართველი ქალი (ხე, 1958, რამდენიმე პრემია: 1960 მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი), ლადო ქოქიაშვილი (ბრინჯაო, 1958), კოტე მარჯანიშვილი (დიურალუმინიუმი, 1966, თბილისი, მეტროს სადგური "მარჯანიშვილი"). 

მერაბ ბერძენიშვილი ასევე მუშაობდა გრაფიკისა და ფერწერის დარგში. აფორმებდა წიგნებს, ქმნიდა დაზგურ პორტრეტებს, თეატრალურ აფიშებსა და პლაკატებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი ხელოვანის მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების გულშემატკივრებს.