„ქართულ-აფხაზური საგას" ორგანიზებით, ბათუმის ხელოვნების ცენტრში, საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავასადმი მიძღვნილი წიგნის, „მამულისათვის თავდადებული" - პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი „ქართულ-აფხაზურმა საგამ" ბათუმის მერიის მხარდაჭერით გამოსცა.
მასში აღწერილია ჟიული შარტავას დამოკიდებულება აჭარის და სრულიად საქართველოსადმი. წიგნში 70-მდე ავტორის წერილია. ისინი იცნობდნენ, თანამშრომლობდნენ და მეგობრობდნენ ჟიული შარტავასთან.
წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ბათუმის მერე გიორგი ერმაკოვი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები დიმიტრი ჯაიანი, დავით გვაძაბია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, მთავრობის აპარატის წარმომადგენლები, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელი ზურაბ ლომთათიძე, „ქართულ აფხაზური საგის" ხელმძღვანელი პროფესორი ნათელა დუმბაძე და სხვა საზოგადო მოღვაწეები. საღამოს ნათელა დუმბაძე უძღვებოდა.
წიგნის პრეზენტაციის შემდეგ, ბათუმში, ჟიული შარტავას სახელობის გამზირზე ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს . ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, ბათუმის მერმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჟიული შარტავას მეგობრებმა. ღონისძიებას აჭარაში მცხოვრები აფხაზებიც ესწრებოდნენ.