მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
თბილისში დევნილებისათვის უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ტარდება

თბილისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კლინიკა „ახალ მზერას" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დევნილებისათვის უფასო ოფთალმოლოგიური კვლევები ტარდება.

აქციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინა ონიანი დაესწრო.

გამოკვლევები ორი დღე გაგრძელდება, რომელშიც მონაწილეობას მაღალკვალიფიციური ექიმები მიიღებენ. დევნილებს ვიზომეტრია /კორექციით (მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა და სათვალის შერჩევა), ტონომეტრია (თვალშიდა წნევის გაზომვა), ოფთალმოსკოპია (თვალის ფსკერის გამოკვლევა), ბიომიკროსკოპია (თვალის გამჭვირვალე არეებისა და ფერადი გარსის ნაპრალოვანი ნათურით დათვალიერება) და შირმერის ტესტი (თვალის სიმშრალის ტესტი) ჩაუტარდებათ. ასევე, საჭიროების შემთხვევაში საკითხავ სათვალეს შეურჩევენ.