ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის №1 საჯარო სკოლაში სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებისათვის სასკოლო კონკურს „ნიკო კეცხოველის პრემია-2017"-ის ნახევარფინალური ტური გაიმართა.
ფოტოკონკურსის ორგანიზატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო პარტნიორები არიან სახელმწიფო, საზოგადოებრივი, სამეცნიერო და კერძო ორგანიზაციები ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
ნახევარფინალურ ტურში სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის სკოლების 31 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა შორის იყვნენ როგორც დევნილობაში მყოფი, ისე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სკოლის მოსწავლეები.
ნახევარფინალური ტურის შუალედურ ეტაპზე 9 სკოლა გადავიდა, მათ შორის ერთი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, ხოლო დასკვნით ეტაპზე სკოლის გუნდებმა მათ მიერ განხორციელებული გარემოსდაცვითი აქტივობების პრეზენტაცია წარმოადგინეს. აფხაზეთის სკოლის პრეზენტაციამ ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების ერთსულოვანი მოწონება დაიმსახურა და ეს გუნდი რეგიონალური ტურის გამარჯვებული გახდა, რაც მას სასკოლო კონკურს „ნიკო კეცხოველის პრემია-2017"-ის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობისა და მთავარი პრიზისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს" წარმომადგენელმა გამარჯვებულ სკოლას სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ნახევარფინალურ ტურს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომდგენლები ესწრებოდნენ.
კონკურსის მიზანი გარემოსდაცვითი სამოქალაქო აქტივობების მხარდაჭერაა.